ენის სახელწოდების აღმნიშვნელი ტერმინები: ლინგვონიმი/ლინგვანიმი, გლოსონიმი/გლოტონიმი, ლოგონიმი და ა.შ.

ავტორები

  • ზაალ კიკვიძე თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0001-7375-3634

საკვანძო სიტყვები:

ენის სახელწოდება, ლინგვონიმი/ლინგვანიმი, გლოსონიმი/გლოტონიმი, ლოგონიმი, სოციოტერმინოლოგია

ანოტაცია

ენათა სახელწოდებების აღმნიშვნელ ტერმინებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მათი სიჭარბე წარმოადგენს. არსებული მრავალფეროვნებიდან უპირატესის გამოსავლენად სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენება სხვადასხვა კრიტერიუმი, მათ შორის,
ფორმობრივი და შინაარსობრივი შესატყვისობა ცნებასთან მიმართებით, სიძველე, სიხშირე და ა.შ. აღნიშნული თავისებურებების გასაანალიზებლად უთუოდ შესაფერის პლატფორმად მივიჩნევთ სოციოტერმინოლოგიას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს აღწერით მიდგომას. 

სხვა ერთეულებთან შედარებით გაცილებით ხშირად გვხვდება ტერმინები გლოსონიმი (იონ. ბერძნ. γλῶσσα + ὄνομα ‘სახელი’) და გლოტონიმი (ატ. ბერძნ. γλῶττα + ὄνομα ‘სახელი’).
მათ შორის ოდენ ეს, მინიმალური განსხვავება არსებობს. რაც შეეხება, სამეცნიერო მიმოქცევაში
მათს პოვნიერებას, აქამდე არსებული მონაცემებით, გლოტონიმი ყველაზე ადრე დასტურდება 1976 წელს ჰ. კეჰეინის ნაშრომში. ფაქტია, რომ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით ძნელია რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება.

ქრონოლოგიურად უადრესია ტერმინი ლინგვონიმი (ლათ. lingua ‘ენა’ + ბერძნ. ὄνομα
‘სახელი’). თავდაპირველად იგი გვხვდება ა. დულიჩენკოს ნაშრომში, რომელიც ესპერანტოს
ენაზე გამოქვეყნდა 1973 წ. ამ ტერმინის საწინააღმდეგოდ არსებობს არგუმენტი, რომ იგი ჰიბრიდული (ლათინურ-ბერძნული) წარმოებაა (მსგავსი, ჰიბრიდული ტერმინები არაერთია ენათმეცნიერებაში და, რა თქმა უნდა, სხვა დარგებშიც). რაც შეეხება მის პარალელურ წარმოებას ლინგვანიმს, იგი იმავე კომპონენტებისაგან შედგება, განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ აქ მოკვეცილია მეორე კომპონენტის თავკიდური ბგერა (რაც, როგორც წესი, იშვიათად გვხვდება ონომასტიკურ ლიტერატურაში). კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის ფაქტი,
რომ ზემონახსენებ ერთეულებს შორის იგი ყველაზე იშვიათად იხმარება. 

რადგანაც ენათა სახელწოდებების უმრავლესობა მომდინარეობს (და, ამის კვალად, ემთხვევა) შესაბამის ტოპონიმებს, ჯ. მატისოვმა შემოგვთავაზა ახალი ტერმინოლოგიური ერთეული: ლოკონიმი (ლათ. locus ‘ადგილი’ + ბერძ. ὄνομα ‘სახელი’); იგი აღნიშნავს ისეთ ტოპონიმს,
რომელიც ამავე დროს ენის ან დიალექტის სახელმწოდებადაც გამოიყენება. 

ტერმინოლოგიური მრავალფეროვნებისა და არაერთგვაროვნებისათვის თავის არიდების ერთგვარი მცდელობა გახლდათ ტერმინ ლოგონიმის შემოღება (ბერძ. λόγος ‘სიტყვა’ + ὄνομα ‘სახელი’) (მ. კლამერი).

ამ ორმა უკანასკნელმა ერთეულმა თავი ვერ დაიმკვიდრა. უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ
რამდენიმე ტერმინი თუ ტერმინოიდი გვხვდება სხვადასხვა პუბლიკაციაში, თუმცა ამ მცდელობებს თითქმის არანაირი ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება ენის სახელწოდებას, როგორც ტერმინოლოგიურ ერთეულს, მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ქართულია, თუმცა ორკომპონენტიანია; პრობლემატურია ის ფაქტიც, რომ ჩვენთვის საინტერესო ცნება არა მხოლოდ საკუთრივ ენის, არამედ ენათა გენეტიკური და არეალური დაჯგუფებების, ასევე ენის ნაირსახეობების და მისთანათა სახელწოდებებსაც მოიცავს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

ენის სახელწოდების აღმნიშვნელი ტერმინები: ლინგვონიმი/ლინგვანიმი, გლოსონიმი/გლოტონიმი, ლოგონიმი და ა.შ. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 85-96. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/85