P-ISSN: 1987-7633
E-ISSN: 3088-4101
ჟურნალის პოლიტიკა მოიცავს დაწვრილებით ცნობებს სტატიების წარდგენის, სარედაქციო და საგამომცემლო პროცესების შესახებ, ასევე სახელმძღვანელო მითითებებს ავტორებისა და რეცენზენტებისთვის. საგამომცემლო საქმიანობის ეთიკურად და შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ყველა მხარემ უნდა გააცნობიეროს თავისი უფლებები და მოვალეობები.
1.ავტორობა
1.1. ავტორად მიჩნეულ ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი შრომა გაწეული კვლევის ჩატარებასა და სტატიის დაწერაში. ავტორი ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა კვლევაზე, სტატიაზე, ასევე დაამტკიცოს გამოსაქვეყნებლად გამზადებული საბოლოო ვერსია. ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის უშუალოდ სტატიის ავტორი, თუმცა გარკვეული მონაწილეობა აქვს მიღებული კვლევაში ან ტექსტის მომზადებაში, უნდა აღინიშნოს საგანგებოდ სტატიის ბოლოს არსებულ „მადლობის“ განყოფილებაში.
1.2. ავტორთა სიის ნებისმიერი ცვლილება (დამატება/ამოკლება) რეცენზირების პროცესში ან სტატიის მიღების შემდეგ დადასტურებული უნდა იყოს ყველა დასახელებული ავტორის მიერ, ხოლო ცვლილების მიზეზი წერილობით უნდა ეცნობოს მთავარ რედაქტორს.
1.3. სასურველია, თითოეული ავტორის წვლილი მითითებული იყოს სტატიის ბოლოს, „თანაავტორთა სიის“ სახით.
ინფორმაცია სტატიის მომზადებისა და წარდგენის პროცესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: ავტორებისთვის.
2. გამოქვეყნების სიხშირე
ავტორთა ბაზის მრავალფეროვნების უზრუნველყოფისა და პუბლიკაციის თანაბარი შესაძლებლობების მიზნით ერთსა და იმავე ავტორს ჟურნალში საკუთარი კვლევის გამოქვეყნება შეუძლია ორ წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
3. ავტორობის წინაპირობა და პასუხისმგებლობა
ავტორი პასუხისმგებელია და იძლევა პირობას, რომ:
3.1. წარმოდგენილი მასალა არის მისი ადრინდელი ნამუშევარი, არ იმეორებს ადრე გამოქვეყნებულ სხვა ნაშრომს.
3.2. სტატია წარდგენილია მხოლოდ ამ ჟურნალში; ის არ არის გადაცემული განსახილველად, სარეცენზიოდ ან დასაბეჭდად სხვა რომელიმე გამოცემაში.
3.3. ნაშრომი არ შეიცავს შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ, გაყალბებულ, თაღლითურ ან კანონსაწინააღმდეგო მასალას.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული პირობების დარღვევა განიხილება აკადემიური გადაცდომაd და გამოიწვევს შესაბამის რეაგირებას. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამომცემელს უფლება აქვს, მთავარი რედაქტორისა და გამომცემლის შეხედულებისამებრ ავტორებს დააკისროს მასალის რედაქციაში დამუშავების ხარჯების ანაზღაურება.
4. რეცენზირების წესი
4.1. რედაქციაში შესვლისთანავე მოწმდება მასალის ჟურნალის პროფილთან შესაბამისობა. სტატია არ გადაიგზავნება რეცენზენტთან და დაუბრუნდება ავტორს, თუ ის სცილდება ჟურნალის თემატიკას, არ შეესაბამება სამეცნიერო კვლევის მოთხოვნებს ან გაუმართავია ტექნიკურად.
4.2. ჟურნალი სტატიის შესაფასებლად იწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს (არა მხოლოდ სარედაქციო კოლეგიის წევრებს). გამოქვეყნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი არანაკლებ ორი მოწვეული რეცენზენტის დასკვნისა და შენიშვნების საფუძველზე.
4.3. რედაქცია სთავაზობს ავტორს თავად მოიძიოს შესაძლო რეცენზენტების კანდიდატურები (მაგალითად, რომელიმე დარგის სპეციალისტი), თუმცა რედაქცია იტოვებს უფლებას, შეარჩიოს სხვა, დამოუკიდებელი რეცენზენტები. რეცენზენტების მოძიების შეთავაზება რედაქციას ეხმარება დარგის საუკეთესო ექსპერტების გამოვლენაში.
4.4. მიკერძოების თავიდან ასაცილებლად ჟურნალი იყენებს ორმხრივად ფარულ სისტემას – ავტორმა და რეცენზენტმა არ იციან ერთმანეთის ვინაობა.
4.5. ორი რეცენზიის მიღების შემდეგ მთავარი რედაქტორი წყვეტს, რომელ პასუხს გაუგზავნის ავტორს: (1) სტატიის მიღება; (2) მცირე შესწორება; (3) არსებითი გადამუშავება; (4) უარყოფა. გადაწყვეტილების მიზეზები და რეცენზენტთა შენიშვნები ეგზავნება ავტორს.
4.5.1. თუ ავტორი სარეცენზიო შენიშვნების შესაბამისად არ შეასწორებს სტატიას, რედაქტორი იტოვებს უფლებას, არ მიიღოს სტატია.
4.5.2. რედაქცია ცდილობს დაიცვას რეცენზირების ვადა და პირველი გადაწყვეტილება ავტორს სტატიის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში გაუგზავნოს, თუმცა, შესაძლოა, ვადა გარკვეულ შემთხვევებში ზუსტად ვერ განისაზღვროს.
შენიშვნა: არაკვლევითი ხასიათის წერილები, როგორებიცაა: წერილი რედაქტორს, სარედაქციო სვეტი, რეცენზენტებს არ ეგზავნება, მათ გამოქვეყნებაზე მთავარი რედაქტორი იღებს გადაწყვეტილებას.
5. ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) გამოყენების პოლიტიკა
5.1. ხელოვნური ინტელექტის (ხელგონის) ხელსაწყოებისა და ჩატბოტების გამოყენება სამეცნიერო სტატიის მომზადებისას დასაშვებია მხოლოდ დამხმარე საშუალებად. ავტორებს შეუძლიათ გამოიყენონ ხელგონი (AI) ენობრივი რედაქტირებისთვის, სტილის დასახვეწად ან ტექნიკური დახმარებისთვის (მაგ. ილუსტრაციის შექმნა, დამხმარე მასალის მოძიება). აკრძალულია ხელგონის (AI-ის) გამოყენება სამეცნიერო შინაარსის შექმნისათვის, კვლევის მონაცემების ანალიზისა და საკუთარი მოსაზრებების გადმოცემისათვის, დასკვნებისა თუ თეორიული იდეების შესაქმნელად. ხელგონი (AI) არ შეიძლება მიეთითოს სტატიის თანაავტორად. სტატიაში მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული, თუ რა ნაწილი დამუშავდა ხელგონის მეშვეობით (AI-ით) და რომელი ხელსაწყოა გამოყენებული. ტექსტის ორიგინალობაზე, სიზუსტესა და მეცნიერულ ღირებულებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს. სარედაქციო კოლეგია იტოვებს უფლებას უარყოს სტატია, რომელშიც გამოვლინდება ხელგონის (AI-ის) შეუფერებელი გამოყენება.
5.2. რეცენზენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ხელგონი (AI) ხელსაწყოები მხოლოდ სარეცენზიო ტექსტის ენობრივი გამართვისა და ჩამოყალიბების მიზნით. კატეგორიულად აკრძალულია განსახილველი სტატიის ან მისი ნაწილების ატვირთვა ღია AI პლატფორმებში, რადგან ეს არღვევს ავტორის ვინაობისა და მონაცემთა დაცვის პრინციპებს. ხელგონი (AI) არ უნდა გამოიყენონ რეცენზიის შინაარსის, სამეცნიერო შეფასებისა და პუბლიკაციის შენიშვნების შესაქმნელად.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრება
ავტორს აქვს უფლება გაასაჩივროს სტატიის უარყოფის გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდაა მიღებული. ამისათვის ავტორმა ელფოსტით უნდა მიმართოს მთავარ რედაქტორს და წარადგინოს დასაბუთებული არგუმენტები. საჩივარს განიხილავს სარედაქციო კოლეგიის ის წევრი, რომელიც არ მონაწილეობდა პირველი გადაწყვეტილების მიღებაში. გასაჩივრების შესაძლებლობა ავტორს ეძლევა მხოლოდ ერთხელ.
7. თანდართული მასალები
ჟურნალი იღებს დამატებით მასალებს (ფაილებს), რომლებიც მხარს უჭერს სტატიის სამეცნიერო არგუმენტაციას (მაგ. ილუსტრაციები, ტექსტური დანართები, კითხვარები, რუკები და ა.შ.). თანდართული მასალები არ იგზავნება რეცენზენტებთან, მაგრამ ფასდება მათი საჭიროება სტატიისთვის. მათ შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი.
8. მონაცემთა გაზიარება
ჟურნალი მხარს უჭერს მკვლევართა მიერ კვლევის პირველადი მონაცემების შენახვასა და გაზიარებას. ავტორებს მოვუწოდებთ, განათავსონ თავიანთი კვლევის ბაზები შესაბამის საიმედო ციფრულ საცავებში (რეპოზიტორებში) (მაგ. FigShare ან მსგავსი), სადაც მას მიენიჭება უნიკალური ციფრული იდენტიფიკატორი (DOI), რათა შესაძლებელი იყოს მონაცემთა სამეცნიერო ციტირება.
9. საავტორო უფლების ნებართვა
ავტორი თავად არის პასუხისმგებელი სხვა პირის ან გამოცემის მიერ შექმნილი/გამოქვეყნებული მასალის (ილუსტრაცია, ცხრილი, ვრცელი ციტატა) გამოყენების ნებართვის მოპოვებაზე. რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში ავტორმა უნდა წარადგინოს აღნიშნული ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. ინტერესთა კონფლიქტი
10.1. ინტერესთა კონფლიქტი არის ვითარება, როდესაც პირადმა (მეგობრობა, ნათესაობა, თანამშრომლობა), ბიზნესის ან ფინანსურმა ურთიერთობებმა (დაფინანსება, გრანტები) შესაძლოა გავლენა მოახდინოს პუბლიკაციის პროცესში ჩართული პირების მიუკერძოებელ შეფასებაზე.
10.2. ავტორი ვალდებულია სტატიაში ან რედაქტორთან მიმოწერაში განაცხადოს ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ (მაგ. კვლევის დამფინანსებელი ორგანიზაცია).
10.3. რეცენზენტი ვალდებულია აცნობოს მთავარ რედაქტორს, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი განსახილველ სტატიასთან დაკავშირებით.
10.4. რედაქტორები და საბჭოს წევრები არ მონაწილეობენ იმ სტატიების შეფასებასა და გადაწყვეტილებაში, სადაც მათ აქვთ ინტერესთა კონფლიქტი (მაგალითად, მათი უშუალო კოლეგის ან ოჯახის წევრის სტატიის წარმოდგენისას, პროცესს სრულად მართავს სხვა, დამოუკიდებელი რედაქტორი).
11. პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერება
ავტორი ვალდებულია უზრუნველყოს ნამუშევრის უნიკალურობა და ზუსტად მიუთითოს ყველა გამოყენებული წყარო. ჟურნალი მკაცრად ებრძვის პლაგიატს (სხვისი მასალის მითითების გარეშე გამოყენებას) და სტატიებს ამოწმებს სპეციალური პროგრამებით (Turnitin, PlagScan). პლაგიატის აღმოჩენა ითვლება უხეშ აკადემიურ გადაცდომად.
12. სარედაქციო დამოუკიდებლობა
ჟურნალის სარედაქციო საბჭოს აქვს სრული უფლება და დამოუკიდებლობა, შეარჩიოს, მიიღოს ან უარყოს სტატიები ყოველგვარი გარე პოლიტიკური, ადმინისტრაციული თუ გამომცემლობითი გავლენისგან თავისუფლად.
13. სარედაქციო პასუხისმგებლობა
რედაქტორები ვალდებულნი არიან დაიცვან წარმოდგენილი მასალების კონფიდენციალურობა, უზრუნველყონ, მიუკერძოებელი და დროული შეფასება. სარედაქციო კოლეგია პასუხისმგებელია ჟურნალის სამეცნიერო ხარისხის შენარჩუნებაზე.
14. გამომცემლის პასუხისმგებლობა
გამომცემელი უზრუნველყოფს, რომ ჟურნალი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ, საარქივო, მონაცემთა დაცვისა და ეთიკურ სტანდარტებს.
15. ღია წვდომა
15.1.ჟურნალი ტერმინოლოგიის საკითხები არის ღიად ხელმისაწვდომი და ვრცელდება Creative Commons „ავტორობის მითითებით/არაკომერციული“ (CC-BY-NC 4.0) საერთაშორისო ლიცენზიით. საშუალებას აძლევს მკითხველს თავისუფლად გამოიყენოს, გაავრცელოს და დაეყრდნოს მასალას არაკომერციული მიზნებისთვის, ავტორის სავალდებულო მითითებით.
15.2. ღია წვდომა უზრუნველყოფს სამეცნიერო ინფორმაციის საერთაშორისო პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობას.
15.3. სტატიის გამოქვეყნებისას საავტორო უფლება რჩება ავტორს, ხოლო ჟურნალს ენიჭება ნაშრომის პირველად გამოქვეყნების უფლება.
16. პუბლიკაციის საფასური
16.1. ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება ფასიანია. აღნიშნული საფასური ფარავს რეცენზირების, რედაქტირების, საგამომცემლო და ციფრული საცავის ხარჯებს.
16.2. პუბლიკაციის საფასურის ზუსტი ფასები, გადახდის ვადები და პირობები დაწვრილებით არის მოცემული ჟურნალის გვერდზე ავტორებისათვის
16.3. პუბლიკაციის საფასურის გადახდა არ განაპირობებს სტატიის გამოქვეყნებას; საგამომცემლო გადასახადი დამოუკიდებელია სარეცენზიო და სარედაქციო პროცესისგან და გავლენას არ ახდენს სტატიის მიღების ან უარყოფის გადაწყვეტილებაზე.
17. შესწორებები და სტატიის უკან დაბრუნება
17.1. თუ გამოქვეყნების შემდეგ სტატიაში აღმოჩნდება არსებითი შეცდომა, რედაქცია უზრუნველყოფს მის შესწორებას საგანგებო შეტყობინების, დათარიღებული ჩასწორების ან სტატიის გაწვევის გზით. ავტორებსა და მკითხველებს მოვუწოდებთ, აცნობონ გამომცემელსა და მთავარ რედაქტორს ნებისმიერი ხარვეზის შესახებ, რომელიც შესწორებას საჭიროებს.
17.2. გამოვლენილ შეცდომებს შეისწავლიან გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, რის შემდეგაც საკითხი განიხილება ავტორთან. ამის შემდეგ შეცდომა შესწორდება შესაბამისად.
17.3. სტატიას გაიწვევენ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება არაეთიკური კვლევის, არასანდო მონაცემების, აკადემიური გადაცდომის ან პლაგიატის მტკიცებულებები, ან თუ ტექსტში არსებული შეცდომების რაოდენობა უკარგავს ნაშრომს სამეცნიერო ღირებულებას.
18. აკადემიური გადაცდომა
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ჟურნალ ტერმინოლოგიის საკითხების გუნდი სრულად იზიარებენ და მიჰყვებიან პუბლიკაციის ეთიკის კომიტეტის (COPE Ethical Guidelines) რეკომენდაციებსა და პოლიტიკას საგამომცემლო ეთიკისა და აკადემიური გადაცდომების მართვის საკითხებში. აკადემიური გადაცდომა მოიცავს მონაცემთა გაყალბებას, პლაგიატს და კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევას. თითოეულ ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, რის შემდეგაც უშუალოდ დაუკავშირდებიან ავტორს (ან რეცენზენტს). სერიოზული გადაცდომის ეჭვის არსებობისას გამომცემელი იტოვებს უფლებას, პირდაპირ მიმართოს ავტორის ან რეცენზენტის სამუშაო ინსტიტუციას ან შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციას.
შენიშვნა: თუ გადაცდომის ეჭვი გაჩნდება რეცენზირების პროცესში, სტატია შეჩერდება საკითხის საბოლოო გარკვევამდე.
19. საჩივარი
თუ ავტორს, რეცენზენტს, მკითხველს ან სხვა პირს აქვს საჩივარი/პრეტენზია ჟურნალ ტერმინოლოგიის საკითხების ან მისი რედაქტორების მიმართ, პირველ რიგში, მან უშუალოდ გამომცემელს უნდა მიმართოს. შეძლებისდაგვარად, საჩივარს განიხილავს შესაბამისი საგამომცემლო ან სარედაქციო პირი. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული გადაწყვეტილება მომჩივნისთვის არასაკმარისი ან არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება, საკითხი საბოლოო გადაჭრისთვის გადაეცემა ზემდგომ პირს.
20. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გმადლობთ, რომ ეწვიეთ ჟურნალ ტერმინოლოგიის საკითხების ვებგვერდს ან შექმენით მომხმარებლის ანგარიში.
ჟურნალის სარედაქციო გუნდი ვალდებულია დაიცვას თქვენი პირადი მონაცემები.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ რა პირად მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მათ.
20.1. ვებგვერდი წარმოადგენს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საკუთრებას. თუ გაქვთ შეკითხვები, შენიშვნები ან წინადადებები კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: geoterms.ge@gmail.com.
20.2. მზაჩანაწერების გამოყენება
20.2.1. მზაჩანაწერები არის მცირე ზომის ფაილები, რომლებიც ინახება მომხმარებლის კომპიუტერის მყარ დისკზე. ის თვალყურს ადევნებს, იწერს და ინახავს ინფორმაციას ვებგვერდზე მომხმარებლის ნებისმიერი მოქმედების შესახებ, რაც სერვერს საშუალებას აძლევს, შექმნას ვებგვერდზე მორგებული და კეთილმოწყობილი გარემო.
20.2.2. მზაჩანაწერებში შეიძლება აისახოს თქვენ მიერ არჩეული პერსონალური პარამეტრები. ჩვენ არ ვიყენებთ მზაჩანაწერებს თქვენი ვინაობის დასადგენად. ფაილების უმრავლესობა ავტომატურად იშლება ვებგვერდის დატოვებისთანავე. ჩვენ ვიყენებთ ანონიმურ მზაჩანაწერებს (მოკლევადიან ფაილებს, რომლებიც ქრება ბრაუზერის დახურვისას), რომლებიც ეხმარება ვებგვერდზე ძიებას. რეგისტრირებული მომხმარებლის შესვლისას მოკლევადიანი ფაილი შეიძლება შეიცავდეს მომხმარებლის ID-ს, რათა შემოწმდეს, რომელ სერვისებთან გაქვთ წვდომა. ვებგვერდი იყენებს ანალიტიკურ პროგრამას, რომელიც მზაჩანაწერების მეშვეობით აკვირდება ვებგვერდზე შემომსვლელთა აქტივობას, რათა უკეთ გავითვალისწინოთ მომხმარებელთა საჭიროებები. ეს პროგრამა ინახავს ფაილს მყარ დისკზე, თუმცა არ აგროვებს და არ ინახავს პირად მონაცემებს. თუ მომხმარებელს არ სურს მზაჩანაწერების გამოყენება, მას შეუძლია შეცვალოს თავისი ვებბრაუზერის უსაფრთხოების პარამეტრები და ჩაკეტოს ფაილების შენახვა. (გაითვალისწინეთ, რომ მზაჩანაწერების სრულად ჩაკეტვამ შესაძლოა შეზღუდოს ვებგვერდის ზოგი ფუნქცია).
20.3. პირადი მონაცემები
ვებგვერდის სარგებლობისას შესაძლოა მოგთხოვონ პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, ელფოსტა და ა.შ.) მითითება, რომლებსაც ვიყენებთ საგამომცემლო პროცესებისა და მონაცემთა ბაზების სამართავად. უზრუნველყოფილია მონაცემთა უსაფრთხო შენახვა მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR - EU 2016/679) და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ იმ პირადი მონაცემების ასლი, რომელსაც ვფლობთ ან მოითხოვოთ ბაზიდან თქვენი მონაცემების წაშლა.
20.3.1. მომხმარებლის რეგისტრაციისას ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: (1) სახელი, გვარი, (2) ელფოსტა, (3) სამუშაო ადგილი/ინსტიტუცია, (4) ქვეყანა, (5) მომხმარებლის ანგარიშის დეტალები, (6) ORCID iD (მეცნიერის საჯარო პროფილის ბმული).
20.3.2. მონაცემთა შეგროვება საჭიროა, რათა პირმა შეძლოს დარეგისტრირება ავტორად, რეცენზენტად ან რედაქტორად და მონაწილეობა მიიღოს სტატიის წარდგენის, განხილვისა და სარედაქციო პროცესებში.
20.4. მონაცემთა შენახვა და გამოყენება
20.4.1. მონაცემები გროვდება ვებგვერდის ონლაინფორმების მეშვეობით (სარეგისტრაციო ფორმის ან ტექსტური ველის შევსებისას) ან თქვენი წერილობითი ან ზეპირი ნებართვის საფუძველზე (მაგ. ელფოსტით ან ტელეფონით).
20.4.2. რეგისტრაციის შემდეგ მონაცემები უსაფრთხოდ ინახება ინსტიტუტის სერვერის მონაცემთა ბაზაში.
20.4.3. პირადი ინფორმაცია არასოდეს გაიყიდება, გაქირავდება ან გახდება ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის, გარდა იმ ტექნიკური პერსონალისა, რომლებიც საქმიანობენ კონფიდენციალურობის პირობებით.
20.5. ავტომატური შეტყობინებები ელფოსტით
რეგისტრირებული მომხმარებლები სისტემიდან ავტომატურად მიიღებენ ელფოსტის შეტყობინებებს მიმდინარე სტატიების წარდგენის ან რეცენზირების პროცესების შესახებ. რეცენზენტებმა შესაძლოა მიიღონ მოწვევები მათი კომპეტენციის შესაბამისად.
20.6. რედაქციის პირდაპირი კავშირი
რედაქტორები შესაძლოა პირდაპირ დაუკავშირდნენ მომხმარებლებს ანგარიშზე წვდომის აღდგენის, ხელნაწერთა შეფასების, მომსახურების გამოკითხვების ან რეცენზენტთა შრომის აღიარების საკითხებზე.
20.7. ავტორის მონაცემები
ავტორის ელფოსტის მისამართი გამოქვეყნდება მიღებული (გამოსაქვეყნებლად დამტკიცებული) სტატიის გვერდზე.
20.8. მონაცემთა შენახვის ვადა და მომხმარებლის უფლებები
20.8.1. შენახვის ვადა: პირადი მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია სარედაქციო მიზნებისთვის ან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დასაცავად, რის შემდეგაც ისინი უსაფრთხოდ წაიშლება.
20.8.2. მომხმარებლის უფლებები: მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვონ თავიანთი პირადი მონაცემების ასლი, მოითხოვონ შესწორებები ან პროფილის წაშლა სარედაქციო ჯგუფთან დაკავშირებით.
20.8.3. ანგარიშის გაუქმება: ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია ანგარიშის პარამეტრებიდან (Account Settings), თუმცა საარქივო ასლები შესაძლოა შენარჩუნდეს კანონის მოთხოვნით ან თაღლითობის პრევენციის მიზნით.
P-ISSN: 1987-7633
E-ISSN: 3088-4101
ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ვრცელდება შემდეგი საერთაშორისო ლიცენზიის პირობებით: Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 International License.