ტერმინოლოგიური კვლევა საბერძნეთში: მიმოხილვა, გამოწვევები, პერსპექტივები
საკვანძო სიტყვები:
ბერძნული ტერმინოლოგია, ტერმინოლოგიური მუშაობა, ტერმინოლოგიის სტანდარტიზაცია, ტერმინოლოგიის კოორდინაცია, ტერმინოლოგიური კვლევები, ტერმინოლოგიის საზოგადოებაანოტაცია
საბერძნეთში ტერმინოლოგიური მუშაობა რამდენიმე კრიტიკულ გამოწვევას აწყდება, რომელთა მოგვარებაც გადაუდებელი ამოცანაა. ბერძნულ ენაზე ტერმინოლოგიის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება უპირველესი საზრუნავია. ჰარმონიზაციისა და კოორდინაციის მიღწევა მოითხოვს ტერმინოლოგიის თანმიმდევრული გეგმის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სფეროში. მონაწილეობის გაზრდა გულისხმობს დარგის ექსპერტების, ენის სპეციალისტების, ტერმინოლოგების, აკადემიკოსებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უფრო მეტ ჩართულობას ტერმინოლოგიურ პროცესებში.
ცნობიერების ამაღლება სცილდება ტერმინოლოგიის შექმნასა და სტანდარტიზაციას; ის გულისხმობს ტერმინოლოგიის ინტეგრირებას საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლო პროგრამებში. ELETO მტკიცედ უჭერს მხარს ტერმინოლოგიის სწავლების ჩართვას საუნივერსიტეტო სასწავლო გეგმებში და აქტიურად უძღვება საგანგებო სწავლებას პროფესიონალებისთვის. პრაქტიკოსთა კარგად ინფორმირებული საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეფექტური ტერმინოლოგიური მუშაობის შენარჩუნებაში.
ELETO-ს კონფერენციები უზრუნველყოფს პლატფორმას სხვადასხვა სფეროს ტერმინოლოგიური კვლევის წარდგენისთვის, ტერმინოლოგების, მეცნიერებისა და პროფესიონალების თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. ეს ღონისძიებები აყალიბებს დაინტერესებულ მხარეთა ქსელს. მათ შეუძლიათ პროექტებზე თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ცნობიერების ამაღლების მიზნით ELETO იყენებს სოციალურ მედიას, საკომუნიკაციო არხებს ფართო აუდიტორიის ჩასართავად და ხაზს უსვამს ტერმინოლოგიის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში. გარდა ამისა, ELETO უზრუნველყოფს ტერმინოლოგიურ რესურსებზე წვდომას მისი ვებგვერდებისა და ღია წვდომის პუბლიკაციების მეშვეობით, რაც ლექსიკონებს, ტერმინების ბაზებსა და დოკუმენტაციას ადვილად ხელმისაწვდომს ხდის საჯარო გამოყე ნებისთვის.
ELETO-ს ინიციატივების მიუხედავად, საბერძნეთში ტერმინოლოგიის კოორდინირებული ეროვნული გეგმის ჩამოყალიბების რამდენიმე მცდელობა დიდწილად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამისი თვალსაჩინო მაგალითია 1990 წელს ტერმინოლოგიაში სამუშაო ჯგუფის არსებობა, რომლის მუშაობა, სამწუხაროდ, არ გასცდენია საბოლოო ანგარიშებს. მისი შექმნის მოთავე იყო კვლევებისა და ტექნოლოგიების გენერალური სამდივნო (GSRT). 2000 წელს ELETO მონაწილეობდა ტერმინოლოგიური კოორდინაციის ეროვნული პროგრამის (EPOS) საკოორდინაციო კომიტეტში, რომელიც საბოლოოდ არ დამტკიცდა. ანალოგიურად, 2006 წლის კონფერენციამ შეისწავლა საფრანგეთის ტერმინოლოგიის გამდიდრების სისტემა (Commission d'enrichissement de la langue française) და კვლევის საფუძველზე ჩამოაყალიბა მსგავსი სისტემის დაარსების შესაძლებლობა საბერძნეთში, რასაც უნდა მოჰყოლოდა კანონპროექტი ტერმინოლოგიის ეროვნული ორგანოს შექმნის შესახებ, თუმცა პარლამენტის წინაშე ის ჯერაც არ წარუდგენიათ.
ეს მაგალითები ხაზს უსვამს ეროვნული ტერმინოლოგიური პოლიტიკის არარსებობას, რაც ინსტიტუციური მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ELETO-ს მძიმე გამოწვევის წინაშე აყენებს.
ამ მაგალითების გვერდით ტერმინოლოგიის კოორდინაციის ზოგიერთი წარმატებული პრაქტიკაც უნდა აღვნიშნოთ. 1990 წელს კომიტეტებმა, როგორებიცაა: ELOT/TC 21, MOTO, ELOT/TC 48/WG1 და სხვ. ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბერძნული ტერმინების ჰარმონიზაციის შესახებ სფეროებსა და კომიტეტებში. კიდევ ერთი მაგალითია ტერმინოლოგიის საბერძნეთის ქსელი (EDO), რომელიც დააარსა ევროკომისიის თარგმანის გენერალურმა დირექტორატმა. EDO-მ ხელი შეუწყო ევროკავშირის მთარგმნელებს, ბერძნულ ტერმინოლოგებსა და ექსპერტებს შორის თანამშრომლობას, ადასტურებდა ტერმინებს მრავალენოვანი IATE მონაცემთა ბაზაში შესატანად. წარმატების მიუხედავად, EDO-მ შეწყვიტა ფუნქციონირება 2023 წლის ბოლოს.
საბერძნეთში ტერმინოლოგიის მუშაობის მომავალი მიმართული უნდა იყოს ყოვლისმომცველი ეროვნული ტერმინოლოგიური გეგმისა და ენობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე ჰარმონიზაციისა და კოორდინაციის მისაღწევად. აუცილებელია პროფესიული სწავლების წახალისება და პარტნიორობის ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. პრიორიტეტულია ეროვნული ტერმინალური ბანკის შექმნა ტერმინოლოგიურ რესურსებზე ცენტრალიზებისა და ღია ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ტერმინოლოგიის კვლევებისა და განვითარების ინოვაციური მიდგომების დამუშავება უზრუნველყოფს ბერძნული ტერმინოლოგიის განვითარებას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად მომხმარებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ცნობიერების ამაღლებით, მონაწილეობის გაზრდით და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობით, საბერძნეთს შეუძლია გააძლიეროს ტერმინოლოგიური ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოს თავისი ადგილი საერთაშორისო ტერმინოლოგიურ გარემოში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ტერმინოლოგიის საკითხები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
