უცხო წარმომავლობის ზედსართავი სახელები ქართულ ენასა და სამეცნიერო ტერმინოლოგიაში
საკვანძო სიტყვები:
სამეცნიერო ტერმინები, სესხების პროცესი, უცხო წარმომავლობის ზედსართავი სახელი, აფიქსები, მორფოლოგიური ადაპტაციაანოტაცია
ცნობილია, რომ ტერმინი გარკვეული მნიშვნელობის სიტყვაა, ამიტომ მის გადმოსაცემად სხვადასხვა მეტყველების ნაწილია შერჩეული: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი და სახელზმნა.
სამეცნიერო ტერმინოლოგიაში განსაკუთრებით დიდია ზედსართავი სახელების ფუნქცია. შეუძლებელია მათ გარეშე ტერმინოლოგიური მუშაობის სრულყოფა. ლექსიკონებში ისინი დასტურდება არა მარტო ტერმინოლოგიურ შესიტყვებებში, არამედ გვხვდება დამოუკიდებელ ტერმინოლოგიურ ერთეულებად.
უცხო წარმომავლობის ზედსართავთა რიცხვი ტერმინოლოგიაში და, შესაბამისად,სალიტერატურო ენაში სულ უფრო იზრდება. ეს ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია, რომლისგანაც თავის დაღწევა ისევე შეუძლებელია, როგორც, საზოგადოდ, უცხო სიტყვათა სესხებისაგან. უცხო წარმომავლობის ზედსართავი ამა თუ იმ ენაში და, მათ შორის, ქართულშიც,
შემოდის ან პირდაპირ წყარო ენის ზედსართაული ფუძით, ან არსებითი სახელით. სწორედ ეს არის მორფოლოგიური ასიმილაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს მსესხებელ ენაში (ქართულში) უცხო წარმომავლობის ზედსართავი სახელების ქართული აფიქსით გაფორმებას, ანუ შეგუებას.
უცხო წარმომავლობის ზედსართავთა გაფორმება ქართულში კარგადაა შესწავლილი. უპირველესად საჭიროა, დაზუსტდეს ტერმინის წარმომავლობა. როცა არსებითი სახელია ნასესხები, მისი ქართულად გაფორმება უფრო მარტივია, მაგრამ ზედსართავი სახელების მორფოლოგიური შეთვისება რთულ მექანიზმს გულისხმობს. აქ გვერდს ვერ ავუვლით თვით წყარო ენის მასალას, მის მორფოლოგიურ დანაწევრებას. უნდა დაზუსტდეს უცხო წარმომავლობის ზედსართავი სახელის აგებულება, ანუ როგორ დაიშლება, რა აფიქსები გამოიყოფა.
უცხო წარმომავლობის ზედსართავების ქართულად გაფორმებისას დერივაციულ აფიქსთა შორის ყველაზე დიდი დატვირთვა -ურ (-ულ) სუფიქსს აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა
ენიჭება იმას, თუ -ურ (-ულ) სუფიქსიანი ზედსართავისათვის ამოსავალი როგორი ფუძეა: ა) უცხო წარმომავლობის სუბსტანტივი, თუ ბ) ისეთი ზედსართაული ფუძე, რომელსაც სათანადო არსებითი სახელი არ მოეპოვება მსესხებელ ენაში.
მსესხებელი ენა მექანიკურად კი არ აფორმებს ნასესხებ სიტყვას, არამედ ყურადღებას ამახვილებს ზედსართავი სახელების სტრუქტურულ-სემანტიკურ ანალიზზე.
მიუხედავად მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმებისა, დღესდღეობით ტერმინოლოგიაში, სამეცნიერო ენასა თუ, ზოგადად, სასაუბრო ენაში ხშირად შეინიშნება დარღვევები უცხო წარმომავლობის ზედსართავთა გაფორმებისას. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ საჭიროდ ამ საკითხის საჯაროდ წარმოდგენა. კიდევ ერთხელ საჭიროა, დაზუსტდეს, რომელია სწორი ფორმა:
ჰიპოთეტური თუ ჰიპოთეზური; პნევმატური თუ პნევმატიკური; სინთეტური თუ სინთეტიკური; ავთენტური თუ ავთენტიკური; ვეგეტატიური თუ ვეგეტაციური...
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ტერმინოლოგიის საკითხები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
