ახალი ნომენკლატურული სახელები „მცენარეთა სახელების კრებსით ლექსიკონში“
საკვანძო სიტყვები:
დაზუსტება, გასწორება, ჩანაცვლება, შექმნაანოტაცია
მცენარეთა ქართული ნომენკლატურული სახელების შექმნას საინტერესო ისტორია
აქვს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის საფუძვლიანად შესწავლილი.
დღეს მცენარეთა ქართული სამეცნიერო სახელები მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი ბოტანიკოსის, ალექსანდრე მაყაშვილის „ბოტანიკური ლექსიკონის“ (1961წ.) მონაცემებს
ემყარება. მასში ნომენკლატურულ სახელთა დადასტურებისას შეინიშნება სხვადასხვა სახის
უზუსტობანი, რაც გაუმართავი ან ბუნდოვანი ერთეულების დამკვიდრებას განაპირობებს,
ამიტომ „მცენარეთა სახელების კრებსითი ლექსიკონის“ (ნ. ხოჭოლავა-მაჭავარიანი, დ.ჭელიძე)
შედგენისას ამ თვალსაზრისით აუცილებელი ხდება რიგი ცვლილებების განხორციელება.
ცვლილებები და დამატებები შეგვაქვს მაშინ, როცა: 1. არსებობს მცენარეთა სახეობებისა თუ გვარების განსაზღვრის, განცალკევების, გადაჯგუფების ბოტანიკური მიზეზები; 2. წარმოდგენილი ნომენკლატურული სახელი არ არის ზუსტი და აუცილებელი ხდება მისი გასწორება, ან ჩანაცვლება სხვა სახელით; 3. სახელი ბუნდოვანი ან მოძველებულია და აუცილებელია მისი ჩანაცვლება უფრო თანამედროვე, მისაღები, ცნობილი სახელით (შესაძლოა, მას დაემატოს სინონიმური სახელიც); 4. მცენარეს არ გააჩნია საკუთარი ქართული სამეცნიერო სახელი; 5. ქართული სამეცნიერო სახელები შესაბამისობაში არაა თანამედროვე ლათინურ ნომენკლატურასთან (ამასთან, აუცილებელი ხდება ზოგიერთი ლათინური სახელის განახლებაც თანამედროვე საერთაშოორისო ნომენკლატურით); 6. რიგ სამეცნიერო ფიტონიმთა დაწერილობის საკითხი არ შეესაბამება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, ხოლო ლათინურიდან თარგმნილ სახელებში დარღვეულია საერთაშორისოდ მიღებული ბინომინალურობის პრინციპი.
ცვლილება-დამატებისას ვითვალისწინებთ შემდეგს: მცენარეთა ნომენკლატურული
სახელების შექმნის საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს; ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულ ზოგიერთ ტრადიციას; თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს; ამა თუ იმ სახელის პოპულარობას საქართველოში.
ცვლილებისას ჩვენი მთავარი წყაროებია: ალ. მაყაშვილის “ბოტანიკურ ლექსიკონში“
წარმოდგენილი სინონიმური სახელები; ქართული ბოტანიკური ლიტერატურა; ქართული ენის დიალექტური ლექსიკონები; ძველი ქართული ლექსიკონები; ძველი ქართული კარაბადინები; საერთაშორისო ლათინური ნომენკლატურა; ჩვენი საველე სამუშაოების მასალა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის შემთხვევები, როცა მცენარეს არ გააჩნია საკუთარი
ქართული სამეცნიერო სახელი, ამიტომ მივმართავთ შემდეგ გზებს: სათანადო სახელებს მოვიძიებთ ლექსიკონებში, ცოცხალ მეტყველებაში; ვსესხულობთ სხვა ენებიდან (ლათინური,
ინგლისური, რუსული) ან ვქმნით თავად.
ცვლილებები, ძირითადად, ითვალისწინებს მცენარეთა სახეობების სახელებს, რადგან მცენარეთა გვარები, ქართულ ბოტანიკურ ლიტერატურაში დამკვიდრებული ტრადიციით, მეტწილად, არ ითარგმნება და ლათინური წარმოშობისაა. არსებობს გამონაკლისებიც, რომელთაც ჩვენც შევმატეთ არაერთი ქართულად თარგმნილი ან ჩვენ მიერ სხვადასხვა წყაროდან შერჩეული სახელი.
წყაროები
მაყაშვილი 1961 – ალექსანდრე მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი.
ორბელიანი 1991 – სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. I, თბილისი.
ჩუბინაშვილი 1985 − დავით ჩუბინაშვილი, ქართულ-რუსული ლექსიკონი, მეორე გამოცემა, თბილისი.
ხოჭოლავა-მაჭავარიანი, ჭელიძე 2020 – ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი, დავით ჭელიძე, რომელი მცენარის სახელი უნდა ყოფილიყო „ჭყორი“, ეტიმოლოგიური ძიებანი XVII, თბილისი.
ხოჭოლავა-მაჭავარიანი, ჭელიძე 2021 – ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი, დავით ჭელიძე, კვლავ მცენარეთა ქართულ სამეცნიერო სახელთა დაზუსტებისათვის (კამა, ცერეცო), ეტიმოლოგიური ძიებანი XVIII, თბილისი.
ხოჭოლავა-მაჭავარიანი 2021 – ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი ხემცენარეთა გვარ Celtis L.-ის ქართული სამეცნიერო სახელების დაზუსტების აუცილებლობა, ელ. ჟურნალი „იბერიულ-კავკასიუ-რი ენათმეცნიერების წელიწდეული“, II, 2021 https://www.aicl.ge