მათემატიკური ტერმინების ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შექმნის საკითხისათვის

ავტორები

  • ციცინო გაბესკირია

საკვანძო სიტყვები:

თარგმნითი ლექსიკოგრაფია, მათემატიკის ტერმინოლოგია, ქართულ-ინგლისური ლექსიკონი

ანოტაცია

მათემატიკური ტერმინების ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შექმნის აუცილებლობა დიდი ხანია იდგა მათემატიკოსთა და ენათმეცნიერთა წინაშე, თანამედროვე პირობებში კი, როდესაც თითქმის ყველა სამეცნიერო კრებული ინგლისურ ენაზე გამოდის, აუცილებელი ხდება ავტორმა (მათემატიკოსმა) შეძლოს არა მხოლოდ მისთვის ცნობილი მათემატიკური ტერმინოლოგიის გამოყენება, არამედ ფრაზის გამართვა გრამატიკულად და სტილისტურადაც. 1983 წელს ჩემ მიერ გამოცემული ინგლისურ-ქართული მათემატიკური ლექსიკონის შემდეგ თითქმის 40 წლის მუშაობის შედეგად მკითხველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მათემატიკური ტერმინების ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ადრე გამოცემული ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შებრუნებულ, არამედ უფრო ვრცელ და შევსებული ვერსიას და იგი გამდიდრებულია წლების მანძილზე შეკრებილი, ქართველი მომხმარებლისათვის აქტუალური ტერმინოლოგიით. 

მთავარი, რაც ამ ლექსიკონს გამოარჩევს სხვა არსებული ლექსიკონებისგან, არის ის, რომ იგი ძირითადად განკუთვნილია იმ სპეციალისტებისათვის, რომლებმაც იციან ინგლისური მათემატიკური ტერმინოლოგია, ესმით და შეუძლიათ თარგმნონ ნებისმიერი მათემატიკური ტექსტი, განსაკუთრებით თავიანთ ვიწრო სპეციალობაში, მაგრამ აქვთ გარკვეული სიძნელეები პირიქითი თარგმანის დროს (ქართულიდან ინგლისურად). ლექსიკონს კიდევ ის თავისებურება ახასიათებს, რომ ის ეყრდნობა არა მხოლოდ დარგობრივი ლექსიკონებიდან ამოკრეფილ სიტყვებს, არამედ ჩემ მიერ წლების განმავლობაში სხვადასხვა უცხოური მონოგრაფიის თუ სხვა ნაშრომთა თარგმნისას  დაგროვილ ტერმინებსა და ფრაზეოლოგიურ ერთეულებს, რომლებსაც მკითხველი თავად ვერ მოიძიებდა. ლექსიკონი უდავოდ დიდ დახმარებას გაუწევს მას სტატიის ინგლისურ ენაზე დაწერაში.

ლექსიკონი შედგება ძირითადი ნაწილისა და 3 დამატებისაგან. ძირითად ნაწილში მოცემულია სიტყვა-სტატიები (მეთაური სიტყვები).

პირველი დამატება ეთმობა უცხოელ მეცნიერთა გვარებს და მათთან დაკავშირებულ მათემატიკურ ტერმინებს. ეს საკმაოდ ვრცელი დანართია, 1200 სიტყვა-სტატიისაგან შედგება და შეძლებისდაგვარად სრულად ასახავს ამა თუ იმ მეცნიერის გვარის შემცველ ტერმინებს.

მეორე დამატებაში სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული შემოკლებები და უცხოური გამოთქმები შედის. აქვე არის მოცემული გაზომვის ფიზიკური ერთეულები, რომლებსაც დასახელებად მეცნიერთა გვარები აქვთ მიკუთვნებული, ხოლო მესამე დამატებაში მოყვანილია მათემატიკური სიმბოლოებისა და ფორმულების კითხვა ინგლისურ ენაზე.

ძირითად ნაწილში მოყვანილია არა მხოლოდ სიტყვა-სტატიები (მეთაური სიტყვები), არამედ ფრაზეოლოგიური ერთეულები, ზოგადი მოხმარების ფრაზები, გრამატიკული და ლექსიკური შესიტყვებები, რაც დიდად შეუწყობს ხელს მთარგმნელს საჭირო ფრაზის გამართვაში, ვინაიდან სრულყოფილად თარგმნისათვის მხოლოდ ტერმინოლოგიის ცოდნა არ არის საკმარისი.

ნებისმიერ ორენოვანი ლექსიკონის მიზანია არა მხოლოდ სიტყვისა თუ ფრაზის სწორად თარგმნა, არამედ ენის (ამ შემთხვევაში ქართულის) ტერმინოლოგიის ნორმალიზაცია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ინგლისური და ქართული სრულიად განსხვავებული სტრუქტურის მქონე ენებია და ისიც, რომ სანამ ქართულამდე მოაღწევდა, ამ ტერმინებმა სხვა შუალედური ენებიც გამოიარეს. ლექსიკოგრაფი აუცილებლად უნდა შეეცადოს, დაასახელოს ის ფორმა, რომელსაც ის მიიჩნევს მართებულად.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქართულ-ინგლისური მათემატიკური ლექსიკონი არა მარტო დიდ დახმარებას გაუწევს ზუსტ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური დარგის სპეციალისტებს, არამედ, გარკვეულწილად, წაადგება ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციის საქმესაც.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • ციცინო გაბესკირია

    თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი

წყაროები

გაბესკირია ც., ინგლისურ-ქართული მათემატიკური ლექსიკონი, თსუ გამომცემლობა, 1983, თბილისი.

გაბესკირია ც., ჯაიანი გ., ანთიძე ჯ., დათაშვილი გ., ინგლისურ-ქართულ-რუსულ-გერმანულ-ფრანგულ-იტალიურ მათემატიკუ ტერმინთა ლექსიკონი, 2005, თბილისი.

გაბესკირია ც., ქართულ-ინგლისური მათემატიკური ლექსიკონი, გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2018, თბილისი.

თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები, პირველი კრებული, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1970, თბილისი.

უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, ქსე მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 1989, თბილისი.

A.J.Lohwater’s Russian-English Dictionary of the Mathematical Sciences, Published by the American Mathematical Society, 1990, USA.

A Manual for Translators of Mathematical Russian, American Mathematical Society, Providence, Rhode Island, 1976.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-20

როგორ უნდა ციტირება

მათემატიკური ტერმინების ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შექმნის საკითხისათვის. (2020). ტერმინოლოგიის საკითხები, 4, 72-79. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/48