გელათელი ანონიმი მწიგნობრის ტერმინთშემოქმედებითი ძიებანი ერთი გელათური ხელნაწერის (K14) მიხედვით

ავტორები

  • დავით იობიძე

საკვანძო სიტყვები:

გელათური თარგმანი (K14), ჴჳმირი, მოდი, წინადაცუჱთა, მეტკუჱთილობა, მლევანება

ანოტაცია

ქართული საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიაში გელათის სალიტერატურო-მწიგნობრულ სკოლას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი გამოირჩევა თავისი ულტრაელინოფილური მთარგმნელობითი მიმართულებით, რაც გულისხმობს ისეთი ქართული თარგმანის შექმნას, რომელიც მორფემულ-ლექსიკურ-სინტაქსურ სიბრტყეზე
ზედმიწევნით ასახავს ორიგინალ ტექსტს.

ფორმალური ეკვივალენტის მთარგმნელობითი პრინციპებით არის შესრულებული
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა შემცველი ერთი გელათური ხელნაწერი კოდექსი
(K14). მასში განთავსებული 24 თხზულებიდან ერთ-ერთი არის „წმინდა მაქსიმეს პასუხები თალასეს შეკითხვებზე“ (Quaestiones ad Thalassioum).

XII საუკუნეში, როდესაც გელათური ხელნაწერი შეიქმნა, არსებობდა წმინდა წერილის არაერთი რედაქცია: წინაათონური, ათონური და ელინოფილური. ბუნებრივია, დასახელებული რედაქციების ტექსტები გელათელი ანონიმი მთარგმნელისათვის ცნობილი იქნებოდა, მაგრამ იგი მაქსიმე აღმსარებლის ტექსტში არსებული წმინდა წერილის ფრაგმენტების გადმოღებისას არ იყენებს მათ და ქმნის ტექსტის ახალ, მისეულ ვერსიას.

ჩვენს კვლევაში წმინდა წერილის ქართულ რედაქციათა ტექსტების ურთიერთშეჯერებისა და ორიგინალი ბერძნულენოვანი ტექსტის საფუძველზე ნაჩვენებია გელათელი მთარგმნელ-მწიგნობრის ტერმინთშემოქმედებითი მოღვაწეობა. ქართულ ტექსტებთან დაკავშირებული განხილვები გამყარებულია წმინდა წერილის ებრაული და ბერძნული ტექსტების ჩვენებებით. 

გელათელი მწიგნობარი ხშირ შემთხვევაში უარს ამბობს წმინდა წერილის ქართულენოვან რედაქციებში დამკვიდრებულ ტერმინებზე და გვთავაზობს ახალ ტერმინებს. მაშინაც კი,
როდესაც გელათელი მთარგმნელი ბერძნულ ტერმინს μόδιος (პროდუქტის საზომი ჭურჭელი (=1/6 მედიმნა)) (დვორეცკი 1958) ვერ უძებნის ადეკვატურ ქართულ შესატყვისს, მაინც უარს ამბობს ქართულ რედაქციებში უკვე დამკვიდრებულ ტერმინზე ხჳმირი, და უთარგმნელად გადმოაქვს ბერძნული ტერმინი μόδιος − მოდი.

ერთგან წმინდა პავლე მოციქულის ფილიპელებს სწერს: κατὰ σκοπὸν διώκω εἰς τὸ βραβεῖον τῆς ἄνω κλήσεως... (Φιλ. 3, 14) (Aland 1993). დამოწმებულ ფრაზას ბერძნულ ვერსიებში არ უდასტურდება ვარიანტები. აღნიშნული ფრაზა „Quaestiones ad Thalassioum”-შიც უცვლელადაა დამოწმებული. წინაათონურ ვერსიაში სინტაგმა κατὰ σκοπὸν გადმოტანილია როგორც
კრძალულებით: კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა (AB). ეს ხარვეზი გიორგი მთაწმინდელისეულ რედაქციაში არ არის გასწორებული. ამ სახით გადავიდა იგი ეფრემისეულ
ვერსიაშიც: და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა (CD). გელათელი მთარგმნელი იძლევა ადეკვატურ თარგმანს: იჭჳსაებრ ვსდევ გჳრგჳნისა მიმართ ზენაჲსა ჩინებისაჲსა (K-14, 16r). Quaestiones ad Thalassioum-ის ტექსტი: κατὰ σκοπὸν διώκω πρὸϛ τὸ βραβεῖον τῆς ἄνω
κλήσεως (Laga, Steel 1980).

Quaestiones ad Thalassioum-ის გელათური თარგმანის ტერმინოლოგია აშკარად უპირისპირდება წმინდა წერილის სხვა ქართულენოვან რედაქციებში წარმოდგენილ ტერმინოლოგიას. 

Quaestiones ad Thalassioum-ის ბიბლიური ტექსტების გელათური თარგმანის მონაცემები
მნიშვნელოვანი წყაროა ბიბლიის ზოგიერთი პასაჟის მართებულად გაგებისათვის, რადგან, როგორც ზემოთ გამოჩნდა, ზოგჯერ ქართული ტრადიციული იკითხვისები აცდენილია ორიგინალ ტექსტს და უმართებულო თარგმანს გვიჩვენებს.

ავტორის ბიოგრაფია

  • დავით იობიძე

    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფონდის №14 ხელნაწერი.

აბულაძე 1949 – ილია აბულაძე, საქმე მოციქულთა ძველი ხელნაწერების მიხედვით, თბილისი.

ბიბლია 2017 – ძველი აღთქმა, თბილისი.

იმნაიშვილი 1979 – ივანე იმნაიშვილი, ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, თბილისი.

ლორთქიფანიძე 1956 – ქეთევან ლორთქიფანიძე, კათოლიკე ეპისტოლეთა ქართული ვერსიები X-XIV საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით, თბილისი.

მელიქიშვილი... 2010 – დამანა მელიქიშვილი... ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი, I-II, თბილისი.

ორბელიანი 2013 – სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი, ი-ჟ, თბილისი.

შანიძე 1945 – აკაკი შანიძე, ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით, თბილისი.

Дворецкий 1958 – Иосиф Дворецкий, Древнегреческо-русский словарь, Т. I-II, Москва.

Aland... 1993 – Aland..., The Greek New Testament, Stuttgart.

Laga... 1980 – Laga..., Maximi Confessoris, Quaestiones ad Thalassium, Brepols.

Laga... 1990 – Laga..., Maximi Confessoris, Quaestiones ad Thalassium, Brepols.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

გელათელი ანონიმი მწიგნობრის ტერმინთშემოქმედებითი ძიებანი ერთი გელათური ხელნაწერის (K14) მიხედვით. (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 169-179. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/114