აღსანიშნი (დენოტატი) და საკუთარ სახელთა დაჯგუფების პრინციპები

ავტორები

  • ნინო ზედგინიძე

საკვანძო სიტყვები:

აღსანიშნი (დენოტატი), საკუთარი სახელი, ტოპონიმი

ანოტაცია

სახელდების დროს საგნისა თუ მოვლენის გამორჩევა ამა თუ იმ ნიშნით ხდება და სწორედ ეს ნიშანია სახელდების საფუძველი (გამყრელიძე). ყოველგვარი ლექსიკური ერთეული – საზოგადო სახელია ის თუ საკუთარი – ენობრივი ნიშანია და, ამდენად, რაიმეს აღმნიშვნელი. საზოგადო სახელი, ჩვეულებრივ, მოკლებულია ინდივიდუალურ მნიშვნელობას, საკუთარი სახელი კი, როგორც წესი – ზოგად მნიშვნელობას (ცხადაია).

საკუთარი სახელი გამოყოფს მსგავსიდან ერთადერთს და უპირისპირებს ყველა დანარჩენს. საკუთარი სახელისთვის დამახასიათებელია მხოლოდ გამოყოფის, გამოცალკევების თვისება (ჯორბენაძე). საკუთარი სახელის ნებისმიერ სახელდებაში მონაწილეობს სამი კომპონენტი: სახელმდები, დენოტატი ანუ სახელსადები ობიექტი და სახელწოდება (ცხადაია).

არსებითი სახელების კლასიფიკაციისას გამოიყოფა ორი სტრუქტურულ-სემანტიკური ჯგუფი საკუთარი და საზოგადო სახელების გასამიჯნად. კლასიფიცირება მოწმობს იმას, რომ შესაძლოა, გამოიყოს დენოტატი, როგორც ტიპური მახასიათებელი კონკრეტული ჯგუფისა, რომელსაც გააჩნია გარკვეული თვისებები და მახასიათებლები. იგი საშუალებას იძლევა, გააერთიანოს კლასი ან გამოიყოს ცალკე კლასად (კამიანეტსი).

ქართულ ენათმეცნიერებაში მიღებული განმარტებების მიხედვით ტოპონიმიაში წინა პლანზე წამოწეულია დენოტატის გეოგრაფიული მხარე, შესაბამისად, ფიზიკური ან სხვა ტიპის თვისებები, ხოლო გერმანული განმარტებით ფიზიკურ და გეოგრაფიულ მახასიათებლებთან ერთად განმარტებულია დენოტატის ენათმეცნიერული მხარეც. აღსანიშნავია, რომ, ტერმინ დენოტატის განმარტების მსგავსად, ქართული და გერმანული ენების ტოპონიმიაში განსხვავებული მდგომარეობაა არამატერიალური დენოტატის შემთხვევაშიც, აღმოჩნდა, რომ ქართულ ტოპონიმიაში არ ჩანს ცნება არამატერიალური დენოტატი და, შესაბამისად, არ არის კლასიფიცირებული არამატერიალური დენოტატის აღმნიშვნელი ტერმინები. გერმანულ ტოპონიმიაში არსებობს არამატერიალური დენოტატის ცნება და, შესაბამისად, მისი აღმნიშვნელი ტერმინები: Mythonyme – მითონიმი (ბერძ. Mythos მითოსი, Märchen ზღაპარი + -onym სახელი), Theonyme – თეონიმი (ბერძ. Theos, Gott ღმერთი + -onym სახელი) და Poetonyme – პოეტონიმი ან Onomapoetika – ონომაპოეტიკა (die EN in der Literatur – საკუთარი სახელი ლიტერატურაში). ცხადია, ეს ტერმინოლოგია არსებობს ქართულ ონომასტიკაში, თუმცა იგი არ კლასიფიცირდება, როგორც არამატერიალური დენოტატის აღმნიშვნელი ტერმინები, რაც მიგვაჩნია, რომ ტერმინ დენოტატის სხვადასხვაგვარად გააზრებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო ზედგინიძე

    სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

გამყრელიძე..., 2008 – თამაზ გამყრელიძე, ზაზა კიკნაძე, ინგა

შადური, ნანა შენგელაია, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თსუ,

თბილისი.

კამიანეტსი 2000 – Wolodymyr Kamianets, ZUR EINTEILUNG DER DEUTSCHEN EIGENNAMEN, Herbst 2000, ნახვა: 05.18.2017

ცხადაია 2005 – პაატა ცხადაია, ონომასტიკის შესავალი თბილისი.

ჯორბენაძე 1993 – ბესარიონ ჯორბენაძე, ონომასტიკური გულანი, თბილისი.

https://de.wikipedia.org/wiki/Denotat, ნახვა:27.05.2020

https://www.duden.de/rechtschreibung/Denotat, ნახვა:28.05.2020

https://en.wikipedia.org/wiki/Ergonyms , ნახვა: 30.05.2020

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-20

როგორ უნდა ციტირება

აღსანიშნი (დენოტატი) და საკუთარ სახელთა დაჯგუფების პრინციპები. (2020). ტერმინოლოგიის საკითხები, 4, 193-201. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/59