ქართული ტერმინოლოგიისა და სალიტერატურო ენის კომისიების მუშაობა 1919-1920 წლების საარქივო მასალების მიხედვით

ავტორები

  • სოფიკო ჭაავა

საკვანძო სიტყვები:

1919-1920 წლები, საარქივო მასალები, სალიტერატურო ენა, ტერმინოლოგიური კომისიები, ტექნიკური ლექსიკონი

ანოტაცია

საქართველოს ეროვნულ არქივში (სეა, სცა, ფ. 1935, ან. 1, N585) დაცულია ქართული ტერმინთშემოქმედების ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო საარქივო
მასალები, რომლებშიც აღწერილია 1919-1920 წლებში ტერმინოლოგიურ მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები. 1919 წელს შედგენილ წყაროებში ასახულია „საქართველოს სატეხნიკო
საზოგადოების“ მიერ ტექნიკის თითქმის ყველა დარგის 8500 ტერმინის შემცველი ლექსიკონის დამუშავება და მისი გამოცემის გამო შექმნილი სირთულეები. ამავე პერიოდში შედგენილ
დოკუმენტთა შორის ასევე მნიშვნელოვანია საარქივო მასალები, რომლებშიც მოცემულია სამხედრო ტერმინოლოგიის შემმუშავებელი კომისიის მუშაობის სპეციფიკა და საჭიროებები.
1919 წლის დეკემბრიდან განათლების სამინისტროსთან ახალი ორგანო – სასწავლო კომიტეტი – იქმნება, რომლის ძირითადი ფუნქცია იყო ახალი ქართული სახელმძღვანელოების შექმნა და ტერმინოლოგიის დამუშავება.

საკვლევი მასალებიდან ირკვევა, რომ 1920 წელს პროფ. აკაკი შანიძემ განცხადებით მიმართა სასწავლო კომიტეტს და მუდმივმოქმედი სატერმინოლოგიო კომისიის შექმნა სთხოვა,
რომლის მოვალეობა იქნებოდა არსებული ტერმინოლოგიის გადამოწმება, მათი შეფასება ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებთან და ზრუნვა ახალი ტერმინების დასამკვიდრებლად. ამ განცხადებასთან ერთად აკ. შანიძემ წარადგინა სატერმინოლოგიო კომისიის სამუშაო გეგმა, სტრუქტურა და ძირითადი მოვალეობები. იმავე წელს ქართული ენისა და ლიტერატურის კომისიის წევრების ნაწილმა: აკ. შანიძემ, გ. ახვლედიანმა, ს. გორგაძემ და ვ. ბერიძემ სასწავლო კომიტეტს სთხოვეს მოეწვიათ ყრილობა ენის მცოდნე პირთაგან „ქართული ენის სწორმეტყველებისა და მართლწერის საკითხების მოსაგვარებლად“. საგულისხმოა, სიტყვიერების ისტორიისა და სიტყვიერების თეორიის ტერმინების დამმუშავებელი ქვეკომისიის 1920 წლის ერთერთ ოქმში მოცემული ტერმინთა შერჩევის პრინციპებიც, რომლებიც შეიძლება სანიმუშოდ
გამოვიყენოთ თანამედროვე ტერმინთა მიღების პროცესშიც. 

მაშასადამე, ჩვენ მიერ მოძიებული საარქივო მასალებით დასტურდება, რომ 1919-1920 წლებში ტერმინოლოგიური მუშაობა ორგანიზებულად მიმდინარეობდა. ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მხარს უჭერდნენ სახელმწიფო
სტრუქტურები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ერთობლივი მოქმედების საბოლოო მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში დაწყებული გაეროვნულების საკითხის სრულყოფილად განხორციელება: სწავლების ქართულ ენაზე გადაყვანა და ახალი ქართულენოვანი სახელმძღვანელოების შექმნა. საამისოდ კი საჭირო იყო სამეცნიერო ტერმინების
შერჩევა არსებული ენობრივი ფონდიდან, ზოგჯერ, უცხო სიტყვების შემოტანა ან გადმოქართულება, ზოგჯერ კი ახალი ლექსიკური ერთეულების შეთხზვა და დამკვიდრება. 

ავტორის ბიოგრაფია

  • სოფიკო ჭაავა

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

სეა, სცა, ფ. 1935, ან. 1, N541;

სეა, სცა, ფ. 1935, ან. 1, N585; სეა, სცა, ფ. 1935, ან. 1, N510;

სეა, სცა, ფ. 1935, ან. 1, N531.

სიტყვარი 2020 – პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ახალი გამოცემა მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ლია ქაროსანიძემ, თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი, 2021;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

ქართული ტერმინოლოგიისა და სალიტერატურო ენის კომისიების მუშაობა 1919-1920 წლების საარქივო მასალების მიხედვით. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 277-295. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/97