თარგმნითი ლექსიკოგრაფიის გამოწვევები
საკვანძო სიტყვები:
თარგმნითი ლექსიკოგრაფია, თემატური ლექსიკონი, იდეოგრაფიული ლექსიკონი, ქართულ-ინგლისური შესატყვისებიანოტაცია
ქართული მასალა თემატურად პირველად სულხან-საბას ლექსიკონშია წარმოდგენილი. სულხან-საბა ორბელიანის (1958-1725) „სიტყვის კონა“ ციფრულ ეპოქაში განსხვავებულ ყურადღებას იქცევს, მისი აგების პრინციპები საინტერესოა თანამედროვე ციფრული ლექსიკონების შემუშავებისას. ღირებული და მნიშვნელოვანია დღემდე სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი სამეცნიერო ტერმინოლოგიის დამუშავებისას.
როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია შენიშნული, სულხან-საბას ლექსიკონში ცნებათა ბუდეებია. საბა იღებს (როდესაც ეს შესაძლებელია) გვარეობითი ცნების აღმნიშვნელ სიტყვას და მასთან ათავსებს სახეობითი ცნების აღმნიშვნელ სიტყვებს განმარტებებითურთ. სემანტიკურად ახლო მდგომი ბუდეები საბას თავმოყრილი აქვს ასამდე ბუდეში. ამ ბუდეთა სასათაურო სიტყვებია, მაგალითად, ბადე, გიჟი, გულისწყრომა, ზოდიაქო, ზღუდე, თმა, კაცი, სიცივე, სიცხე, ურემი, ღვინო, ჭურჭელი, ხიდი და სხვ.
სალიტერატურო ქართულის ლექსიკური ფონდის შესასწავლად უმნიშვნელოვანესია
სულხან-საბა ორბელიანის მიერ გამოყოფილი ცნებათა თემატური ჯგუფები, რომლებიც მე-20
საუკუნეში შეივსო და ახლებურად დამუშავდა. 30-იან წლებში ივანე ჯავახიშვილმა შეადგინა
სათანადო პროგრამა, სახელწოდებით „შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის მასალების შეგროვების წესი“, ეს პროგრამა ითვალისწინებდა შემდეგი დარგების
მიმოხილვას: აღმშენებლობა, თავდაცვითი ნაგებობანი, ავეჯი, საკრავები, ჭურჭელი, ქსოვა და
ხელსაქმე, ტანისამოსი, თავსახურავი, ფეხსამოსი და ფეხსაცმელი, პურის ცხობა, დიასახლისობა, საჭმლის მომზადება, მესაქონლეობა, მეაბრეშუმეობა, სასოფლო-სამეურნეო იარაღების კეთება, მებოსტნეობა და მებაღეობა, მევენახეობა და მეღვინეობა, მერწყველობა და მეწისქვილეობა, მეთევზეობა, მონადირეობა, კრამიტის, აგურისა და წყლის მილების გაკეთება, მჭედლობა,
ოქრომჭედლობა, მეტივეობა, მეშუშეობა, მენახშირეობა.
ცალკეული თემატური ჯგუფების შესწავლა ივანე ჯავახიშვილის შემდეგაც გაგრძელდა. ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეისწავლეს ნათესაობის სახელები, ზოოლოგიური ნომენკლატურა, სხეულის ნაწილთა სახელწოდებანი. აღწერილ-დახასიათებულია ცალკე დარგების
ლექსიკა, პურეულისა, მევენახეობა-მეღვინეობისა.
ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადდა და 1987 წელს გამოიცა ბიძინა ფოჩხუას მნიშვნელოვანი ნაშრომი „თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი“. „იდეოგრაფიული ლექსიკონი“ არსებითად განსხვავდება ყველა სხვა ტიპის ლექსიკონისაგან. მასში სიტყვები ლაგდება არა ანბანთრიგის მიხედვით, არამედ თემატურად, საგნობრივი მნიშვნელობის საფუძველზე.
საინტერესო და განსხვავებულია ბიძინა ფოჩხუასეული ცნებათა სისტემები, მაგალითად, ადამიანი თემატური ჯგუფებისა და ქვეჯგუფების მიხედვით ასეა წარმოდგენილი:
ადამიანი – ფიზიკური არსება: 1. სქესი, 2. რასა, 3 გარეგნობა, 4. ორგანოები, 5. ორგანოთა ფუნქციები, 6. მოძრაობა, 7. აქტივობა.
ადამიანის სიცოცხლე – 1. დაბადება, 2 ასაკი, 3 სქესობრივი ცხოვრება, 4. ორგანოები, 5. ორგანოთა ფუნქციები, 6. მოძრაობა, 7. აქტივობა სხვის მიმართ.
ადამიანის სულიერი ცხოვრება – 1. ჭკუა, ნიჭი, 2. აღქმა, წარმოდგენა, 3. აზროვნება, 4. გრძნობები, 5. ნებელობა, 6.მორალი, 7. რწმენა, 8. ხელოვნება.
ფორმა, საქმიანობა – 1. მეოჯახეობა, 2. მიწათმოქმედება, 3. მესაქონლეობა, 4. ხელოვნება, 5. ხელოვნება, 6. ვაჭრობა, 7. ტრანსპორტი, 8. კავშირგაბმულობა.
საზოგადოება – 1.ოჯახი, 2. ტომი, ენა, 3. ურთიერთობა, 4 სახელმწიფო, 5. ადმინისტრაცია, 6. განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია, 7. სასამართლო, 8. საგარეო ურთიერთობა, 9. სამხედრო საქმე.
ქართული ენის სალექსიკონო ფონდი, შეიძლება ითქვას, რომ კარგადაა შესწავლილი
საქართველოში, თუმცა თანამედროვე სალიტერატურო ენის მასალაც მისამატებელია და ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამ უნიკალურ მასალებს უნდა ეყრდნობა ვრცელი
ქართულ-ინგლისური თემატური ლექსიკონი, რადგან თარგმნით ლექსიკოგრაფიაში ამ უიშვიათესი ღირებულების მასალის ინგლისური შესატყვისების დადგენა, უმნიშვნელოვანესი იქნება ქართული ენის ლექსიკურ ფონდში ასახული ქართული კულტურის სრულად წარმოსაჩენად, თანამედროვე ციფრულ სამყაროში ქართული ენის ადგილის დასამკვიდრებლად.
პროექტს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წელს დაიწყო, საგანგებოდ „საბასეული“ ვუწოდეთ სწორედ იმიტომ, რომ სულხან-საბა ორბელიანის მე-17 საუკუნეში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ლექსიკონი ქართული ენის ცნებებად დამუშავების პირველი ცდაა. ვრცელი ქართულ-ინგლისური თემატური ლექსიკონის შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებების მეცნიერთა თანამშრომლობით მიმდინარეობს. პროექტში სტუდენტების, პროფესორებისა და ენათმეცნიერების მკვლევრების ჩასართავად მუშავდება საგანგებო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სალექსიკონო მასალაზე მუშაობა სასწავლო პროცესში გამოვიყენოთ, რედაქტირებული მასალა კი – ვრცელი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის ელექტრონულ
ვერსიის შესაქმნელად, რომელსაც თანდათან გამოვაქვეყნებთ კიდეც.
წყაროები
ლექსიკონი 1928 – სულხან-საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, თბილისი.
ს. იორდანიშვილი 1949 – სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა ქართულ რომელ არს ლექსიკონი, წინასიტყვაობა, თბილისი.
ფოჩხუა 1987 – ბიძინა ფოჩხუა, თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი, თბილისი.
ღამბაშიძე 1987 – როგნედა ღამბაშიძე, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები, თბილისი.
ღამბაშიძე 1988 – როგნედა ღამბაშიძე, ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკოგრაფია: ნორმისა და უზუსის საკითხი, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, 8, თბილისი.
ღლონტი 1971 – ალექსანდრე ღლონტი, ქართული ლექსიკოგრაფიის საფუძვლები, თბილისი.