სასულიერო პირთა ზედა სამოსის კვლევის საკითხები (ჩოხა)

ავტორები

  • ლია ლურსმანაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ზედა სამოსი, ჩოხა, კაბა, კვართი, ვოსარ, ჯუბა, უბიანი ჩოხა

ანოტაცია

კაცობრიობის კულტურის ისტორიაში ტანსაცმლის დამზადება-გამოყენება უძველესი და მნიშვნელოვანი მონაპოვარია. იგი ოდითგანვე ასრულებდა სოციალური ნიშნის როლს. სხვადასხვაგვარად იმოსებოდნენ საზოგადოების მაღალი და დაბალი წრის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მეომრები.

ტანსაცმლის ძირითადი ტიპები ისტორიულად იქმნებოდა სამეურნეო-ყოფითი, რელიგიური, სოციალურ-წოდებრივი და ეთნიკური ნიშნის მიხედვით. ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსი, რომლითაც იმოსებოდნენ წარსულში და რა სახით მოაღწია მან დღემდე, როგორი იყო სამოსის ელემენტების
კონსტრუქციული თავისებურებები, რა მასალებით მუშავდებოდა და ფორმდებოდა ის. 

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსის ფორმებს მოეპოვებათ საერთო ნიშნები, რაც გამომუშავებულია ხანგრძლივი, მჭიდრო სულიერი და კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საფუძველზე „არქიჰიერატიკონის“ მიხედვით, საზიარო ფონდის ასეთი ელემენტებია: სტიქარი, ფილონი, გინგილა, ოლარი, ენქერი, ომფორი, ბისონი, მუხლთა საფენი და სხვ. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსში თვითმყოფადი ელემენტების არსებობას.

ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, სასულიერო პირთა შესამოსელის ნაწილების შემდეგ ტერმინებს ვხვდებით: ოლარი, კუართი, საბეჭური, ჩოხა, სამხარი, კუნკული, სქემა, მოწესეთა სამოსელი, კუართ-ფილონი, ომფორი, პალეკარტი და სხვ. 

ტერმინთა უმეტესობა დღესაც სასულიერო პირთა სამოსის ნაწილებს აღნიშნავს, ზოგმა კი დროთა განმავლობაში ან მნიშვნელობა შეიცვალა, ანდა სულაც გაქრა სასულიერო პირთა
სამოსის კომპლექტიდან. ჩამოთვლილი ტერმინებიდან ჩოხა და კუნკული მონაზონის სამოსის, დანარჩენები კი მღვდელმოძღვართა შესამოსლის ნაწილებს შეადგენენ. 

მიზეზთა გამო მე-19 საუკუნიდან ღვთისმსახურთა სამოსის კომპლექტიდან დაიკარგა
უმნიშვნელოვანესი და უძველესი ელემენტი ჩოხა, რამაც განაპირობა ჩვენი დაინტერესება აღნიშნული საკითხით.

ტერმინი ჩოხა ქართულ წერილობით წყაროებში IX საუკუნიდან გვხვდება. ჩვენ მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ ადრეფეოდალური პერიოდიდან, კერძოდ, მე-9 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით, იგი ორივე სქესის, ბერ­მონაზონთა, ზედა სამოსის და საჩოხე შალის აღმნიშვნელი ტერმინი იყო. მოგვიანებით ეს ტერმინი გვევლინება საერო პირთა
ჩაცმულობის აღმნიშვნელადაც.

ჩატარებული კვლევის საფუძველზე აღვადგინეთ სასულიერო პირთა ზედა სამოსის – ჩოხის – ესკიზი და შევიმუშავეთ მისი კონსტრუქცია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

სასულიერო პირთა ზედა სამოსის კვლევის საკითხები (ჩოხა). (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 113-128. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/86