საღვთისმეტყველო ტერმინების νόμος და διαθήκη ქართული ეკვივალენტები წმინდა წერილის ძველ ქართულ თარგმანებში
საკვანძო სიტყვები:
წმინდა წერილი, ტერმინოლოგიური სინონიმია, რჯული, აღთქმაანოტაცია
ბერძნული საღვთისმეტყველო ტერმინი διαθήκη ἡ ლამპეს პატრისტიკულ ლექსიკონში
განიმარტება, როგორც ანდერძი, აღთქმა, ნება. პატრისტიკულ ძეგლებში διαθήκη გამოყენებულია წმინდა წერილის ძველი და ახალი აღთქმის აღსანიშნავად (Lampe 1961, 348).
νόμος, ὁ განიმარტება როგორც: I. დადგენილი პრინციპი, ჩვეულება; II. კანონი: A. ადამიანური ან საერო კანონი (სამართალი); B. საღვთო კანონი: 1. ღვთის ზნეობრივი კანონი, 2. ბუნებითი კანონი, 3. ბუნების კანონი, 4. ადამისთვის მიცემული კანონი, 5. ნოესთვის, აბრაამისთვის, მოსესთვის მიცემული კანონი, რომელიც დასრულდა ქრისტეს სწავლებით, 6. მოსეს კანონი, 7. ქრისტიანული კანონი, 8. ეკლესიის კანონები; C. ცოდვის კანონი; III. სხვადასხვა სახის
წესი და სტანდარტი (Lampe 1961, 920-922).
ბერძნულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში საღვთისმეტყველო ტერმინები διαθήκη და
νόμος თავიანთი სემანტიკური დატვირთვით გამიჯნულია ერთმანეთისაგან, ისინი არ გადაფარავენ ერთმანეთს და გადმოსცემენ კონკრეტულ ცნებებს.
მასალის ანალიზი აჩვენებს, რომ ბერძნულისაგან განსხვავებული ვითარებაა ძველ ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში ქართული ტერმინები რჯული და აღთქმა ხშირად გამოიყენება ბერძნული ტერმინის διαθήκη, შესატყვისად. ასეთ შემთხვევებში ისინი ერთი ცნების გამომხატველი ტერმინოლოგიური ერთეულებია და სემანტიკურად ენაცვლებიან ერთმანეთს. მეორე მხრივ, რჯული νόμος-ის უცვლელი შესატყვისია. ასეთ ვითარებაში ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში რჯული ორი დამოუკიდებელი ბერძნული ტერმინის (διαθήκη და νόμος) ეკვივალენტად გამოიყენება: იგი ზოგჯერ νόμος-ის ცნებას გადმოსცემს, ზოგჯერ კი − διαθήκη-ს
ცნებას.
სხვაგვარი ვითარებაა ტერმინის νόμος ქართულ შესატყვისთან მიმართებით, რომლის ქართული ეკვივალენტი უგამონაკლისოდ არის რჯული. შედეგად ვიღებთ ასეთ სურათს: ტერმინთან διαθήκη მიმართებით გვაქვს ორი ქართული ეკვივალენტი − აღთქმა და რჯული, ხოლო
νόμος ყოველთვის თარგმნილია, როგორც რჯული. ეს აჩვენებს იმას, რომ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში არ არის განსაზღვრული ბერძნული ტერმინის διαθήκη ზუსტი ეკვივალენტი, ამიტომაც გადმოიცემა ის სინონიმური ტერმინოლოგიური ერთეულები − აღთქმა |
რჯული.
გელათის მთარგმნელობითი სკოლა სხვაგვარ სურათს აჩვენებს. გელათელ მთარგმნელ-მწიგნობრებთან განსაზღვრულია ბერძნული ტერმინების ქართული ეკვივალენტები: διαθήκη თარგმნილია როგორც აღთქმა, ხოლო νόμος − რჯული. აქ არ გვაქვს აღთქმისა და რჯულის სინონიმური გამოყენება, ისინი ცალ-ცალკე გადმოსცემენ განსაზღვრულ ცნებებს.
წყაროები
აბულაძე 1973 − ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი.
ბიბლია 2017 – ძველი აღთქმა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი.
იმნაიშვილი 1961 – ივანე იმნაიშვილი, იოვანეს გამოცხადება და მისი
თარგმანება, თბილისი.
იმნაიშვილი 1979 – ივანე იმნაიშვილი, ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, თბილისი.
კაკიაშვილი 2016 − ბასილი კაკიაშვილი, ჟამისწირვათა კრებული ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით, ბუდაპეშტი.
ლორთქიფანიძე 1956 – ქეთევან ლორთქიფანიძე, კათოლიკე ეპისტოლეთა ქართული ვერსიები X-XIV საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით, თბილისი.
ორბელიანი 2013 – სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი, თბილისი.
ქაჯაია 1992 − ნინო ქაჯაია, ბასილი კესარიელის თხზულებათა ძველი
ქართული თარგმანები, თბილისი.
შანიძე 1945 – აკაკი შანიძე, ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით, თბილისი.
ძოწენიძე... 1974 – ქეთევან ძოწენიძე, კორნელი დანელია, პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები, თბილისი.
Дворецкий 1958 – Иосиф Дворецкий, Древнегреческо-русский словарь, Т. I-II, Москва.
Aland... 1994 – B. Aland..., The Greek New Testament, Stuttgart.
Lampe 1961 – G. Lampe, A Patristic Greek Lexicon. Oxford.
Rahlfs 1979 – Alfred Rahlfs, Septuaginta, All rights reserved. Stuttgart.