ნაზმნარი არსებითი სახელი ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაში
საკვანძო სიტყვები:
სამედიცინო ტერმინოლოგია, მასდარი, ერთსიტყვიანი ტერმინები, შესიტყვება ტერმინად, სიტყვა-წარმოებაანოტაცია
ნაზმნარი არსებითი სახელი (ე. წ. მასდარი) შედარებით იშვიათად გვხვდება ტერმინოლოგიაში, თუმცა დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ქართულ სამეცნიერო სივრცეში ის საკმაოდ გავრცელებულია. ეს იმიტომაც ხდება, რომ ქართულში არ არსებობს ინფინიტივი, ხოლო ნაზმნარი სახელი მეორეულია (გამონაკლისია ე. წ. პირველადი საწყისები) და არ გვაქვს ორი განსხვავებული ფორმა: ინფინიტივი და ნაზმნარი სახელი. მასდარი ზოგჯერ ნამდვილად ასრულებს
ევროპული ენების ინფინიტივის ფუნქციას, მაგრამ გაარსებითებისკენ ის უფროა მიდრეკილი.
შდრ. გერმანული ინფინიტივი verdauen („მონელება“) და არსებითი სახელი (die) Verdauung
„(საჭმლის) მონელება“. პირველი არის ინფინიტივი და ტერმინად თითქმის არ გამოიყენება,
ხოლო მეორე – ზმნისგან -ung სუფიქსით ნაწარმოები არსებითი სახელი, ტერმინი. ქართულში
ეს სხვაობა არ გვაქვს.
ქართულ სამედიცინო ტერმინებში ზოგ მასდარს უკვე დაკარგული აქვს ზმნური თვისებები და არსებით სახელადაა ქცეული. მაგ., ანთება, როგორც სამედიცინო ტერმინი, გაცილებით ფართო მნიშვნელობისაა (მაგ.: ნაღვლის ბუშტის ანთება და სხვ.), ვიდრე მასდარი ანთება პირდაპირი მნიშვნელობით (შუქის ანთება, ცეცხლის ანთება...). მედიცინა იცნობს უამრავი სახის ანთებას, მაგ.: ფილტვების ანთება, რომელსაც აქვს შესაბამისი ინტერნაციონალური სინონიმი: პნევმონია. სიტყვისგან ანთება იწარმოება ახალი ტერმინებიც: ანთებითი (დაავადება,
პროცესი, ცვლილება...), ანთებადი (მიდამო, ქსოვილი...).
ტერმინში შეიძლება მოხდეს სემანტიკური დიფერენციაციაც. მაგ.: ხველა (ანდა ხველება), როგორც სიმპტომის დასახელება, როცა სიტყვას შენარჩუნებული აქვს ძირითადი სემანტიკა, მეორე მნიშვნელობით კი ის უკვე გაარსებითებულია და ბავშვთა ინფექციური დაავადების
სახელია (ხველა ბატონები, ყივანახველა); ე. წ. პირველადი საწყისები (მაგ., ბოყინი, სლოკინი...)
ხშირად სიმპტომთა დასახელებებია.
ქართულ სამედიცინო ტერმინებში მასდარები შესაძლებელია დავაჯგუფოთ აგებულების მიხედვითაც: ერთსიტყვიანი (ნაწარმოებ- ან რთულფუძიანი) და ორ- და მეტსიტყვიანი (ე.
წ. ტერმინოლოგიური შესიტყვება). რთულფუძიან სიტყვებში პირველი კომპონენტი უმეტესად არსებითი სახელია, ხოლო მეორე – მასდარი: აირცვლა, გულძმარვა, სისხლდენა, სისხლხველება, პირღებინება... ტერმინოლოგიურ შესიტყვებებში მასდარი მეორე სიტყვაა: ატრიბუტულმსაზღვრელიანი (ემოციური ბოდვა, ისტერიული სიარული) ან მართულმსაზღვრელიანი (გულის შეტევა, გულისცემის აჩქარება, სისხლის შედედება, ვენების გაგანიერება, საჭმლის მონელება, ცილების ცვლა...)
ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიაში გამოიყენება თითქმის ყველა წარმოების ნაზმნარი არსებითი სახელი: -ა, -ინ და-ილ სუფიქსიანი (ქოშინი, ქავილი...); ასეთ ტერმინებში
მასდარების ფუძე უმეტესად ქართულია, მხოლოდ ერთი ნაწილისა კი – უცხოური, -იზ+ება//-
ირ+ება სუფიქსიანი: სტერილიზება, ნეიტრალიზება, დოზირება, სტიმულირება... ამ ტიპის
ტერმინებს ხშირად -ცია-სუფიქსიანი სინონიმებიც აქვს: სტერილიზაცია, ნეიტრალიზაცია,
სტიმულაცია... ზოგ ტერმინში ქართული ზმნისწინი და თემის ნიშანი უშუალოდ უცხოურ
ფუძეს დაერთვის (დატამპონება, დაცეტრიფუგება...)
წყაროები
ზექალაშვილი 2005 – რუსუდან ზექალაშვილი, ქართული ენა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხები (რედ.: ლ. კინწურაშვილი, მ. შავდია), თბილისი.
ზექალაშვილი 2009 – რუსუდან ზექალაშვილი, ინფინიტივის გადმოცემის საშუალებები ქართულში: აკადემიკოს სერგი ჯიქიას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები, თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“, გვ. 40-44.
Kazarina 2018 – Kazarina Svetlana Georgjevna, On Advantages of a Verbal Word as a Special Nomination (By the Example of Medical Terminology): Philological Sciences. Issues of Theory and Practice, №12(90), Tambov: Gramota, 122-126. ISSN 1997-2911. https://doi.org/10.30853/filnauki.2018-12-1.25
კვარაცხელია 1990 – გუჩა კვარაცხელია, ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა, თბილისი: თსუ გამომცემლობა.
ღამბაშიძე 1987 – როგნედა ღამბაშიძე, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
ლექსიკონები
აბაშიძე, ლექსიკონი 1973 – სიმონ აბაშიძე, ლადო აბაშიძე, რუსულ-ლათინურ-ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი = Русско-латинско-грузинский медицинский толковый словарь (რედ. თ. გონიაშვილი), თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.
გოგიჩაძე, ლექსიკონი 2009 – გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე, სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი (რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი), თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“.
გერმ.-რუს. ლექსიკონი – Gesundheitswörterbuch Deutsch-Russisch - Немецко-русский словарь элементарных медицинских терминов.
https://www.orthodiakonia.de/wp-content/uploads/Slovar_Ru-De.pdf
ი ნ გ ლ-გ ე რმ . ლე ქ ს ი კ ონ ი – English-German and Multilingual Dictionary. https://www.dict.cc/
ინგლ-ქართ. ბიოლ. ლექსიკონი – https://bio.dict.ge/ka
ქართ.-ინგლ. ლექსიკონი 2020 – მედიცინის ტერმინთა ქართულ-ინგლისური ლექსიკონი (მედიცინა, ბიოქიმია, გენეტიკა, პარაზიტოლოგია), დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი (6000 ტერმინი).
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/359033/1/MedicinisTermintaQart
ulInglisuriLeqsikoni.pdf
ქიმიის ლექსიკონი – https://chemistry.ge/dictionary/view