წმინდა ძღვენთან დაკავშირებული ტერმინოლოგია პირველშეწირულის ლიტურგიაში – ტრადიცია და თანამედროვეობა

ავტორები

  • თამაზ დევიძე

საკვანძო სიტყვები:

ლიტურგია, პირველშეწირულის ლიტურგია, წმინდა ძღვენი, ზმნა

ანოტაცია

პირველშეწირულის ლიტურგია, ტიპიკონის თანახმად, მხოლოდ დიდმარხვის პერიოდში აღესრულება, კერძოდ, I, II, III, IV, V და VI შვიდეულების ოთხშაბათსა და პარასკევს,
ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და დღესასწაულებზე, გარდა ხარებისა,
თუ ეს დღესასწაულები სადაგ დღეს დაემთხვევა. პირველშეწირულის ლიტურგია უკვე შეწირულ ტარიგზე სრულდება, რადგან, სჯულის კანონის თანახმად, დიდმარხვის სადაგ დღეებში კვეთა დაშვებული არ არის. პირველშეწირულის ლიტურგიას აქვს განსხვავებული ტიპიკონი, ამ ლიტურგიაზე მრევლს აზიარებენ წინასწარშეწირული ტარიგით. ძალიან საინტერესოა
ტერმინოლოგია, რომელიც წმინდა ძღვენთან დაკავშირებულ მოქმედებათა აღსაწერად გამოიყენება. 

წმინდა ძღვენის ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადატანასთან დაკავშირებით №2058/4
ხელნაწერში გამოიყენება ყვანებ ფუძისაგან ნაწარმოები ზმნური ტერმინები („და ვითარცა სიწმიდისაჲ შეიყვანონ, საბურველი დაჰბურონ“ [96v]; „სიწმიდჱ სადიაკონოდ შეიყვანონ და დიაკონმან თქუას...“ [106r]). ნაბეჭდ კონდაკებში ეს ტერმინი აღარ გამოიყენება: „მოიღონ კოლოფი
სანაწილე და შთაასვენონ მას შინა“ (კონდაკი 1710: 154), „და აღმოიღებს კოლოფიდამ წმიდასა
და პატიოსანსა საუფლოსა პურსა“ (კონდაკი 1710: 155). მსგავსი ვითარებაა ლიტურგიკულ კრებულშიც „გახსნის სანაწილეს და დიაკონთან ერთად უდიდესი კრძალულებით ამოასვენებს პირველშეწირულ წმინდა ძღვენს და დაასვენებს ფეშხუმზე“ (ლიტურგიკული... 1996: 94).

წმინდა ძღვენს უკავშირდება გავრცელებული ტერმინი დაგება („შეიმოსენ მღდელნი
და დააგონ სიწმიდე“ (sin.89: 71r); ეს ტერმინი დღეს ნაკლებად გამოიყენება. ნაბეჭდ კონდაკებში მისი მიმღეობური ფორმაა გავრცელებული: „უკმევს წმიდასა ტრაპეზსა და სიწმინდეთა დაგებულთა“ (კონდაკი 1889: 300); „წინადაგებულთა პატიოსანთა ძღვენთათჳს უფლისა მიმართ
ვილოცოთ“ (კონდაკი 1751: 95). 

მართალთა ლიტურგიის დროს აღესრულება დიდი შესვლა (ამ დროს წმინდა ბასილი
დიდისა და წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგიებში შესაწირავად გამზადებული ძღვენი
გადააქვთ სამკვეთლოდან წმინდა ტრაპეზზე). დიდი შესვლა არის ტერმინი, რომელიც გულისხმობს მღვდელმსახურთა სვლას წმინდა ტრაპეზისაკენ ამბიონის გავლით. „აღესრულება დიდი შესვლა“ (ლიტურგიკული... 1996: 103). პარალელურად ამისა, გვხვდება ტერმინი გამოსვლა
(კონდაკი 1710: 168), რომლის გაჩენაც სწორედ პირველშეწირულის ლიტურგიასთან უნდა იყოს
დაკავშირებული. 

ავტორის ბიოგრაფია

  • თამაზ დევიძე

    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

№2058/4 ხელნაწერი, ავსტრია, გრაცი.

№89 ხელნაწერი, სინას მთა, წმინდა ეკატერინეს მონასტერი.

აბულაძე 2014 - ძველქართულ-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი, თბილისი.

გუნია 1996 - ლიტურგიკული კრებული, №2, თბილისი.

კონდაკი 1710 - კონდაკი, რაოდენიცა სწერია ამას შინა, ტფილისი.

კონდაკი 1751 - კონდაკი, ტფილისი.

კონდაკი 1899 - კონდაკი, ტფილისი.

ტიპიკონი 2005 – ტიპიკონი შიომღვიმის მონასტრისა, გამოსაცემად

მოამზადეს ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა და ელგუჯა გიუნაშვილმა, თბილისი.

ხუნდაძე 1907 - ხუნდაძე რაჟდენ მღვდელი, ტიპიკონი, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-17

როგორ უნდა ციტირება

წმინდა ძღვენთან დაკავშირებული ტერმინოლოგია პირველშეწირულის ლიტურგიაში – ტრადიცია და თანამედროვეობა. (2024). ტერმინოლოგიის საკითხები, 6, 19-27. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/80