ტერმინოლოგიის შემუშავების პრინციპები და მათი დაკანონების პროცედურა 1918-1923 წლებში (საარქივო მასალების მიხედვით)

ავტორები

  • სოფიკო ჭაავა

საკვანძო სიტყვები:

ქართული ტერმინები, საერთაშორისო ტერმინები, ტერმინთა მიღების პრინციპები

ანოტაცია

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია განათლების სახალხო კომისარიატის ფონდის მასალები, რომლებშიც აღწერილია 1918-1923 წლებში სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს დაქვემდებარებული კომისიებისა და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფის მიერ შემუშავებულ ტერმინთა მიღების დებულებები, ცალკეული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინების ნუსხა და საერთო სალიტერატურო ქართულისათვის მისაღები ფორმების განხილვის პროცესები.

„ჯერ კიდევ 1918 წელში, როდესაც დაწესებულებათა გაეროვნულება დაიწყო და მასწავლებელთა საზაფხულო კურსები მოეწყო ტფილისში მასწავლებელთა ყველა საგნების ქართულად სწავლებისათვის მოსამზადებლად. მაშინ შესდგა ყოველ დარგისთვის მასწავლებელთა კომისიები, რომელთაც მასალები ჰქონდა მოწოდებული ტერმინების შესამუშავებლად. ამის შემდეგ მალე თანდათანობით სხვა და სხვა საგნებისთვის სახელმძღვანელოც შეიქმნა სხვა და სხვა პირთაგან შედგენილი და გამოიცა კიდეც. ამ სახელმძღვანელოებში ტერმინოლოგიის ერთგვარობა დაცული არ იყო. 1919 წელს შედგა ერთი ჯგუფი, რომელმაც ტეხნიკური ტერმინოლოგიის ქართულად შექმნა დაისახა მიზნად. ამ ჯგუფში უმთავრეს მონაწილეობას იღებდნენ და-ძმანი ნიკოლაძენი და ტეხნიკოსები. მათ გადასწყვიტეს ქართული ენიდგან სამეცნიერო ტერმინილოგიის ყველა საერთაშორისო სიტყვების განდევნა და მათ მაგიერ უეჭველად ქართულად ნათარგმნი ან სრულებით ხელოვნურად მცდარად ნაწარმოები მოგონილი სიტყვები შემოეღოთ და გაევრცელებინათ“ (ფონდი 471, ანაწერი 1, საქმე #123, ს.ს.ს.რ. განათლების სახალხო კომისარს, გვ. 3).

ტერმინოლოგიის შექმნა-დამტკიცების პროცედურა რადიკალურად იცვლება 1921 წელს, მას შემდეგ რაც განსახკომის დაქვემდებარების ქვეშ დაარსდა სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო, რომელსაც დაევალა სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და ქართულის საერთო ლიტერატურული ფორმების დამუშავება. 1921 წელს აღნიშნული ორგანოს წევრებმა, ძირითადად, შეიმუშავეს ქართული სალიტერატურო ენისათვის მისაღები საერთო ფორმები; 1922 წლისთვის დაიწყეს მზადება ტექნიკური ტერმინოლოგიის მისაღებად; 1922-1923 წლებში მეტ-ნაკლებად გამოკვეთეს ახალი ლექსიკური ერთეულების დამუშავების პრინციპები, 1923 წელს კი სამეცნიერო საბჭომ ცალ-ცალკე განიხილა დარგობრივ და სამეცნიერო ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხები, ამასთანავე დააკანონა კონკრეტული საერთაშორისო თუ ახლად შექმნილი ქართული ტერმინები.

1922 წლის სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე მეცნიერებმა დაამტკიცეს 128 ტექნიკური ტერმინი, 1923 წელს კი 30 სხდომაზე მიიღეს 1382, მათ შორის 1334 მათემატიკური და ფიზიკის 48 ტერმინი. აღნიშნული პერიოდის სხდომებზე განიხილეს ბოტანიკისა და დენდროლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, სამხედრო და, ზოგადად, სამეცნიერო ტექნიკური ტერმინოლოგია.

ჩვენ მიერ მოძიებულ საარქივო მასალებში მოცემულია „ცირკულიარი – ნაციონალურ პრინციპულ ტერმინების ხმარების შესახებ", რომელიც შედგენილია 1928 წელს საქართველოს ს. ს. რ. ცაკთან არსებული მთავარი სატერმინოლოგიო კომიტეტის თავმჯდომარის ფილიპე მახარაძის მიერ. როგორც ჩანს, ტერმინოლოგიის შექმნა-დაკანონებას, მეცნიერულის გარდა, პოლიტიკური მნიშვნელობაც მიენიჭა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით ფ. მახარაძისთვის მიუღებელი იყო „უაღრესად ნაციონალისტურ პრინციპებზე“ „ნაძალადევად შეთხზული“ ტერმინები და მათ ნაცვლად ინტერნაციონალური ტერმინების გამოყენებასა და დამკვიდრებას მოითხოვდა.

ავტორის ბიოგრაფია

  • სოფიკო ჭაავა

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

სეა N123 – საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 471, ანაწერი 1, N123, მოხსენება განსახკომისადმი ქართული სამათემატიკო ტერმინოლოგიის დამტკიცების შესახებ, 4. VIII. 1923;

სეა N3 – საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 300, ან. N3, სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს 1921 წლის 3 ნოემბრის სხდომის ოქმი N1;

ოქმი N49 – საქართველოს ეროვნული არქივი, , ფ. 300, ან. 3, N23, საბჭოს 1922 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი N49;

ოქმი N28 – საქართველოს ეროვნული არქივი ფ. 300, ან. 3, N23, სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს 1922 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი

N28;

სეა N64 – საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 300, ან. 3, N64, სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს სხდომების ოქმები;

ოქმი N66 – საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 300, ან. 3, N61, სახალხო განათლების კომისარიატი, სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს 1923 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმი N66;

ოქმი N74 – საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 300, ან. 3, N61, სახალხო განათლების კომისარიატი, სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს 1923 წლის 12 აპრილის სხდომის ოქმი N74;

ოქმი N76 – საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 300, ან. 3, N61, სახალხო განათლების კომისარიატი, სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს 1923 წლის 19 აპრილის სხდომის ოქმი N76;

სეა N550 – საქართველოს ეროვნული არქივი,, ფ. 300, ან. 3, N 64, 3 დეკემბერი, 1923, N550;

ოქმი N114 – საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 300, ან. 3, N64. სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს 1923 წლის 5 დეკემბრის სხდომის ოქმი N114;

სეა N63 – საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 300, ან. 3, N63, სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს სხდომების ოქმები 1923 წლის მე-3 მეოთხედისა;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-20

როგორ უნდა ციტირება

ტერმინოლოგიის შემუშავების პრინციპები და მათი დაკანონების პროცედურა 1918-1923 წლებში (საარქივო მასალების მიხედვით). (2020). ტერმინოლოგიის საკითხები, 4, 343-358. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/72