ლუდი და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია ქართველ მთიელთა მეტყველებაში
საკვანძო სიტყვები:
დარგობრივი ტერმინოლოგია, ლუდის ტერმინოლოგია, ალუდიანოტაცია
ლუდი – დღეს საყოველთაოდ გავრცელებული სადესერტო პროდუქტი – ქართულ ლექსიკონებში უბრალოდ და მარტივად განიმარტება, როგორც სუსტი ალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც მზადდება მარცვლეულის ფქვილის, ალაოსა და სვიის ყვავილისაგან. ერთობ მარტივი და ნათელი განმარტებაა, მაგრამ იგი ოდნავადაც ვერ ასახავს იმ არსსა და მნიშვნელობას, რომელიც მას, როგორც კულტურის ფენომენს, გააჩნია ქართველ მთიელთა, განსაკუთრებით, ხევსურთა და თუშთა, ცნობიერებაში.
საქართველოს ამ კუთხეებში ლუდი არაა უბრალო სასმელი, რომელსაც გამოიყენებენ ყოველდღიურად საოჯახო სადილ-სამხარ-სავახშმო სუფრაზე, როგორც საჭმლისათვის მისაყოლებელ პროდუქტს. იგი წმიდა, სარიტუალო სასმელია და მზადდება მხოლოდ საგანგებო დღეებში გასაშლელი რიტუალური სუფრებისათვის. ასეთი სუფრები კი მთიანეთის ამ კუთხეებში სულ რამდენიმე იყო: ა) ზამთრისა და ზაფხულის სათემო რელიგიური დღესასწაულები; ბ) ქორწილი; გ) მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული დიდი სუფრა - საწესჩვეულებო ქმედებათა მთელი წყება კაცის გარდაცვალების წლისთავზე; დ) რაიმე სახის მამითადი - სამძიმო საქმე, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა დიდი მუშა ძალა და მეზობელთა თუ ახლობელთა შრომითი დახმარება; ე) გარდა ამისა, ოჯახს შეიძლება შეჰქმნოდა რაიმე საგანგებო სიტუაცია, რომელიც სასმლის დიდ ხარჯს მოითხოვდა: ვთქვათ ახლად აშენებული სახლის კურთხევა, ე.წ. „სახლის სამხდო“; ცხვრის ფარის დალოცვა –„დაკოჭვა“ – თუშეთში ხევსური დეკანოზის მიერ) ხევსურთა ჯვარიონის დასახვედრი საწირ-საკლავი „სახევსუროები“ და ა. შ.
ხევსურეთშიც და თუშეთშიც, ქართული ლუდის დამზადების ამ ძირძველ მხარეებში, სამიწათმოქმედო საქმიანობისა და სიმბოლურ-საკრალური მოქმედების უგრძესი ჯაჭვის რგოლებია გაბმული, სანამ წმიდა მიწის ღალა ლუდად გადაიქცეოდეს და „საფუარში“ ნაპირებზე სანთლებშემონთებულ „კოდთან“ მდგომი ხუცესი „სახუცო თასით“ ხელში ამ წმიდა სასმლით ღვთის სადიდებელს იტყოდეს.
ადამიანის შრომა-საქმიანობის გრძელი მარათონის ყოველი ნაბიჯი, რომელიც ლუდის დამზადებასთანაა დაკავშირებული, დიდი სიწმიდის ნიშნითაა აღბეჭდილი: წმიდაა ის ყანა, სადაც სალუდე ქერი ითესება – იგი „ჯვარისყანაა“, წმიდაა ის რიტუალი, რომელსაც გუთნისდედა ასრულებს ამ ყანაში ხარ-გუთნის შეტანისას, ამას თუშები „უღელდებას“ ეძახიან და იგი „ოცობის“ დღეს სრულდება. ლოცვა წარმოითქმის ყანის მკის, ნამკალის გალეწვის, ლუდის ხარშვის, დაფუვლებული ლუდიანი კოდების გახსნის და მათი დალოცვის დროს; წმიდაა ის სათავსო-ნაგებობანიც, სადაც ხდება ლუდის ხარშვა („საქვაბე“) და მისი დაყენება-დაფუვლება („საფუარი“) – იქ დედროვანი და „მრიოში“ პიროვნება ფეხს ვერ შეადგამს.
ყოველივე ამას უკავშირდება ერთობ მდიდარი სპეციალური ტერმინოლოგია, რომელზედაც საუბარი იქნება მოხსენებაში.
წყაროები
-