ახალი მიმართულებები თანამედროვე ტერმინოლოგიურ ლექსიკონებში

ავტორები

  • ნინო დათეშიძე

საკვანძო სიტყვები:

მრავალდარგოვანი ტერმინოლოგიური ლექსიკონები, თარგმნითი და განმარტებითი ლექსიკონები, ტერმინოლოგიური ლექსიკონები

ანოტაცია

დროის შესაბამისი ტერმინოლოგიური ლექსიკონების შექმნა მჭიდროდ უკავშირდება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ძვრებს, რადგან ჩნდება ახალი მიმართულებები სამეცნიერო სფეროში, იცვლება ლექსიკოგრაფიული მიდგომები, დომინანტი ენა.

პროფესიული ტერმინოლოგიური ლექსიკონების შექმნა-შემუშავება და ტერმინოლოგიის, როგორც ენათმეცნიერების ერთ-ერთი ქვედარგის, ჩამოყალიბება უშუალოდ უკავშირდება საქართველოს გასაბჭოებას. საბჭოთა ეპოქაში ტერმინოლოგიური საქმიანობა ახლებურად წარიმართა. კერძოდ, მწვავედ დაისვა სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის საკითხი, რომელიც გულისხმობდა სამეცნიერო ცნებათა ამსახველი ტერმინების მოწესრიგებას და მათი საყოველთაო გამოყენების აუცილებლობას ერთ რომელიმე დარგში. ამან თავისთავად ხელი შეუწყო რუსული ენის პრიორიტეტულობას სამეცნიერო საზოგადოებაში. ნებისმიერი ახალი სამეცნიერო ცნება რუსულის გზით შემოდიოდა და მკვიდრდებოდა სამეცნიერო თუ ტექნიკურ საზოგადოებაში. „ცნებათა გამოვლენა, ანუ ამა თუ იმ დარგის ცნებათა „ლოგიკური სქემის“ შედგენა რუსული სინამდვილისთვის შემუშავდებოდა“ (რ. ღამბაშიძე). აქედან გამომდინარე, ტერმინოლოგიური მუშაობა, ძირითადად, მთარგმნელობითი მიმართულებით ვითარდებოდა. იმ დროს შექმნილი დარგობრივი ლექსიკონები უპირატესად თარგმნითი და ორენოვანი იყო – რუსულ-ქართული.

გასული საუკუნის 90-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვებამ ტერმინოლოგიური საქმიანობა საქართველოში ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ქვეყანაში მომხდარი ეპოქალური ძვრები, ცხადია, ლექსიკონების შემუშავებაზეც აისახა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოიშალა მართვის სისტემა, რომელიც კოორდინაციას უწევდა ტერმინოლოგიურ მუშაობას. ამან კი ხელი შეუწყო ახალი ტერმინების უკონტროლო შემოდინებას და ერთ კონკრეტულ დარგში რამდენიმე ტერმინის დამკვიდრებას ერთი ცნებისათვის. 

მართალია, გაიზარდა ინგლისურის, როგორც საერთაშორისო სამეცნიერო ენის როლი, მაგრამ მრავალი დარგის საბაზისო ცნებებისათვის სპეციალისტები კვლავაც ტერმინების რუსულ შესატყვისებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან რუსული სამეცნიერო სფეროების გავლენა შემცირებული არ არის, ამასთან გახშირებულია ერთობლივი პროექტები, რომლებშიც რუსულენოვანი სპეციალისტებიც მონაწილეობენ, ამიტომ ინტენსიურად იწყება სამენოვანი, როგორც რუსულ-ინგლისურ-ქართული, ისე ინგლისურ-რუსულ-ქართული, ლექსიკონების დამუშავება (მაგალითად, ინგლისურ-რუსულ-ქართული ენერგეტიკული ლექსიკონი, რ. კანდელაკი, 2000; ვაჭრობის ეკონომიკისდა საქონელმცოდნეობის ტერმინოლოგია, რუსულ-ქართული ნაწილი, 2003; წყლის რესურსების მართვის სამენოვანი ლექსიკონი, ი. ყრუაშვილი, კ. ბზიავა, 2003; გ. ნადირაშვილი, რ. კრიჭინაშვილი, ნავთობისა და გაზის ინგლისურ-რუსულ-ქართული ლექსიკონი, რ. კანდელაკი, 2005 და სხვ.).

პარალელურად, უზარმაზარი ინფორმაციის სწრაფი შემოდინება, საინფორმაციო ტექნოლოგიების არნახული განვითარება ინგლისურენოვან ტერმინებს ანიჭებს უპირატესობას. ენობრივი ბარიერის დასაძლევად, ახალი სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი უამრავი ახალი ცნების ქართულად სახელდებისათვის საჭირო ხდება ინგლისურ-ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკონების შექმნის სრულიად ახალი, დროის შესაბამისი პრინციპების შემუშავება (სახელმწიფო მმართველობის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, ლ. დოლაქიძე, 2000; ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული პოლიგრაფიული საგამომცემლო ლექსიკონი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2003; ინგლისურ-ქართული სამეანო-გინეკოლოგიური ლექსიკონი, ა. ბაქრაძე, 2009).

ახალი დარგების გაჩენა, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ სფეროში სრულიად უცხო ცნებების დამკვიდრება, რომელთა მნიშვნელობა და მათთვის სათანადო ქართული შესატყვისის დაძებნა სპეციალისტებისთვისაც რთული ამოცანაა (განსაკუთრებით ისეთი დარგებისა, როგორებიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის მენეჯმენტი, მარკეტინგი), თარგმნით ლექსიკონებთან ერთად დღის წესრიგში აყენებს დარგობრივი განმარტებითი ლექსიკონების შედგენის აუცილებლობას (მაგალითად, ჯანდაცვის მენეჯმენტის ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი, ო. ვასაძე, ც. ჯანელიძე, ლ. კობალაძე, 2002; საავიაციო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი, ს. ტეფნაძე, 2003; მარკეტინგის ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი, საქართველოს მარკეტინგის ასოციაცია, 2005).

ამდენად, XXI საუკუნის დასაწყისიდან სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში ახალი მიმართულებები და მიდგომები ჩამოყალიბდა. არაერთ ტრადიციულად დამუშავებულ ლექსიკონთან ერთად, შეიქმნა ინგლისურ-ქართული და მრავალენოვანი ლექსიკონები, სრულიად ახალი დარგების ცნებათა ამსახველი განმარტებითი ლექსიკონები, შემუშავდა ახალი ტერმინოლოგიური ნორმები.

მოხსენებაში განვიხილავთ XX–XXI საუკუნეების მიჯნაზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში შექმნილ მრავალენოვან და განმარტებით დარგობრივ ლექსიკონებთან დაკავშირებულ სიახლეებს, ასევე, იმ სირთულეებს, რომლებსაც ვაწყდებოდით ლექსიკონებზე მუშაობისას.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო დათეშიძე

    თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

წყაროები

ლექსიკონი ქართული 1991 – ლექსიკონი ქართული, სულხან-საბა ორბელიანი, ტტ I, II, თბილისი.

ქართული ტერმინთსაცავი 2018 – ლია ქაროსანიძე, ირაკლი უჯმაჯურიძე, ემზარ ჯგერენაია, ქართული ტერმინთსაცავი (ელექტრონული რესურსები ტერმინოლოგიური კორპუსისათვის), ტერმინოლოგიის საკითხები, 2018, თბილისი.

http://termbank.ge/wp-content/uploads/2018/11/krebuli_III.pdf

ქაროსანიძე 2014 – ლია ქაროსანიძე, ტერმინოლოგია – ქართული ენის ხვალინდელი დღე, ტერმინოლოგიის საკითხები, I, თბილისი.

ღამბაშიძე 1986 – როგნედა ღამბაშიძე, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-01-20

როგორ უნდა ციტირება

ახალი მიმართულებები თანამედროვე ტერმინოლოგიურ ლექსიკონებში. (2020). ტერმინოლოგიის საკითხები, 4, 144-154. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/54