კავკასიოლოგიის ლინგვისტიკურ ტერმინთა ქართულ-რუსული ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები:
თარგმნითი ლექსიკოგრაფია, ლინგვისტიკური ტერმინები, კავკასიოლოგიაანოტაცია
თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა კავკასიოლოგიის
ლინგვისტიკურ ტერმინთა თარგმნით ლექსიკონზე. ასეთი ლექსიკონის შექმნა გამოიწვია კავკასიური საენათმეცნიერო შრომების თარგმნამ როგორც რუსულიდან ქართულზე, ასევე ქართულიდან რუსულზე, რადგან კავკასიური ენები გამოირჩევა ენობრივი სპეციფიკურობით, მით უფრო, რომ დღესდღეობით კავკასიოლოგიაში ასეთი ლექსიკონი არ არსებობს. კავკასიოლოგიის ლინგვისტიკურ ტერმინთა ლექსიკონის გამოყენებას შეძლებენ როგორც სტუდენტები და ასპირანტები, ასევე ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები.
ლექსიკონზე მუშაობის პროცესში ვიყენებთ დღემდე არსებულ ლინგვისტიკურ
ტერმინთა განმარტებით და ენციკლოპედიურ ლექსიკონებს, აგრეთვე მრავალწლიანი
მთარგმნელობითი (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი) პრაქტიკის დროს დაგროვებულ მასალას.
ლექსიკონზე მუშაობა მოიცავს ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე ივარაუდება ქართულრუსული ლექსიკონის შედგენა, მეორეზე – რუსულ-ქართულისა. ჩვენი მუშაობის მთავარი ამოცანაა, თავი მოვუყაროთ კავკასიოლოგიის ლინგვისტიკურ ტერმინებს და ტერმინოლოგიურ შესიტყვებებს, შემდგომ კი დავძებნოთ მათი ზუსტი რუსული შესატყვისები.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სიტყვანის შედგენას, რადგან სწორედ სიტყვანი განსაზღვრავს ლექსიკონის მოცულობასა და ხარისხს. ლექსიკურ ერთეულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ლექსიკონში შევა კავკასიოლოგიის საენათმეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებული არამხოლოდ ზოგადი ტერმინები, არამედ ის ტერმინებიც, რომლებიც დასტურდება ცალკეულ ავტორთა ნაშრომებში.
მუშაობის საწყის ეტაპზე ჩვენთვის უფრო მისაღებია ლინგვისტიკურ ტერმინთა განლაგების ანბანური (და არა – ანბანურ-ბუდობრივი) პრინციპი, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება სწრაფად მოიძიოს ტერმინი თუ ტერმინოლოგიური შესიტყვება. სწორედ ამ
მიზნისთვის გამოიყენება ლექსიკოგრაფიაში მიღებული მიგზავნათა სისტემაც.
განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ტერმინ-სინონიმები. როგორც ცნობილია, ლინგვისტიკური ტერმინოლოგია არ არის მონოლითური. ენათმეცნიერება შედგება
მთელი რიგი დარგებისაგან, რომლებშიც თანაარსებობს სხვადასხვა სკოლა და მიმართულება, ხოლო ისტორიულ პერსპექტივაში – სხვადასხვა პარადიგმები. ამ შემთხვევაში უფრო მეტად საჭიროა სინონიმურ ტერმინთა განსხვავებების დაძებნა და ზუსტი თარგმანის
მითითება, ხოლო დუბლეტების შემთხვევაში – საჭირო მიგზავნები.
წყაროები
-