სიტყვაწარმოების ერთი საშუალებისათვის ქართულში (არ[ა]- და ვერ[ა]- უარყოფითნაწილაკიანი სახელები)

ავტორები

  • ნინო ხახიაშვილი

საკვანძო სიტყვები:

სიტყვაწარმოება, უარყოფითნაწილაკიანი სახელები

ანოტაცია

უარყოფა უნივერსალური ფუნქციურ-სემანტიკური კატეგორიაა, თუმცა სხვადასხვა
ენას მისი გამოხატვის სხვადასხვა საშუალება აქვს: ლექსიკურ-სემანტიკური, გრამატიკული (მორფოლოგიური და სინტაქსური)...

ქართულ ენაში, ჯერ კიდევ ძველი ქართულიდან მომდინარე, არსებობს უარყოფით ნაცვალსახელთა და ზმნიზედათა ჩამოყალიბებული გრამატიკული მოდელი, უარყოფითი ნაწილაკისა (არ[ა]-, ვერ[ა]- და ნუ[რა]-) და კითხვითი სიტყვების (ნაცვალსახელების [ვინ, რა], ზმნიზედების [სადა, გზით, დროს...]) // სახელების [ფერი, ნაირი, ვითარი... ] მონაწილეობით [არ[ა]ვინ, ვერ[ა]ვინ, არ[ა]რა, არასადა, ვერასადა, არაოდეს, არასგზით, არაფერი, ვერაფერი, არავითარი, ვერავითარი, ვერანაირი...]. 

აღსანიშნავია, რომ არ[ა]- უკუთქმითნაწილაკიანი სახელები კატეგორიული მოთხოვნით-ბრძანებითი შინაარსის შემცველია, ხოლო ვერ[ა] ნაწილაკი სახელს შეუძლებლობის, ვერშეძლების ნიუანსს სძენს (შდრ. სულხან-საბა: „არა უქმნელობის უარი... ვერა არ ძალ-მიც ქმნა...“).

თანამედროვე ქართულში არ[ა]- და ვერ[ა]- უარყოფით თავსართ-ნაწილაკით ნაწარმოებ სახელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. არ[ა]- ფორმანტი განსაკუთრებით აქტიურია ტერმინების წარმოებისას: არააალებადი, არაადეკვატური, არააკადემიური, არააპრობირებული, არააქცენტირებული, არადისტანციური, არადიფერენცირებული, არაგამტარი... ამგვარ წარმონაქმნთა ხვედრითი წილი მით უფრო ძლიერდება, რაც უფრო იზრდება სალიტერატურო ენაში ოფიციალურ-საქმიანი სტილის გავლენა.

როგორც ბუნებრივ მეტყველებაში, ასევე მწიგნობრულ ენაში მუდმივად მიმდინარეობს
ანტონიმურ წყვილთა წარმოქმნა, უფრო ზუსტად კი, რომელიმე „თვისებრივი“ ცნებისთვის საპირისპირო, კონტრასტული შინაარსის ცნების გაჩენა. ამავე დროს, სალიტერატურო ენაში, მით
უფრო – მისი ფუნქციონირების ოფიციალურ-საქმიანსა და სამეცნიერო სფეროში ეს პროცესი ბევრად უფრო ინტენსიურია, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული.

„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ახალი რედაქციის სამუშაოები ხელშესახებად წარმოაჩენს ამგვარ წარმონაქმნთა უკიდურესად გაძლიერების ტენდენციას, რაც შესაბამის ანალიზსა და შეფასებას მოითხოვს.

ამგვარი წარმონაქმნების დამკვიდრების პროცესი ენაში, ცხადია, ერთგვაროვანი არ
არის. მათი ნაწილი სტაბილურ ადგილს იმკვიდრებს ანტონიმურ ცნებით სისტემაში (ურცხვი,
უქმი, არაჩვეულებრივი, არადამაკმაყოფილებელი, არნახული, არამკითხე [მოამბე], არაკაცი,
ვერდამნახავი...), ხშირ შემთხვევაში კი უარყოფის სიტუაციური („ერთჯერადი“) გამოყენების
ნიმუშად გვევლინება (არაგონიერი, არანებისმიერი, არაღირსი, არდამნახავი, ვერგანცდა, ვერმიხვედრილი, ვერსაფიქრელი, ვერდანახული, ვერგაქცეული, ვერგანკურნებული...).

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო ხახიაშვილი

    თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

წყაროები

აბულაძე 1973 – ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები), თბილისი.

არაბული 2005 – ავთანდილ არაბული, ქართული მეტყველების კულტურა, თბილისი.

გელენიძე 1984 – ლატავრა გელენიძე, არ-//არა-ნაწილაკიანი სახელები ქართულში, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი მეექვსე, თბილისი.

მაღრაძე 2019 – ვახტანგ მაღრაძე, კვლავ არ(ა) და ვერ- ნაწილაკებით უმართებულოდ ნაწარმოები სიტყვების შესახებ. ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი მეთოთხმეტე, თბილისი.

რუსთაველი 1957 – შოთა რუსთაველი, ვეფხის-ტყაოსანი. სარედაქციო კოლეგია: ალ. ბარამიძე, კ. კეკელიძე, ა. შანიძე. თბილისი.

ლომია 2019 – მაია ლომია, რამაზ ქურდაძე, ნინო ჭუმბურიძე, ქეთევან მარგიანი. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი

„სპეკალი“, თბილისი.

სულხან-საბა 1991 – სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებითი ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, ტ.

I; თბილისი.

სულხან-საბა 1993 – სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებითი ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, ტ. II; თბილისი.

ფოჩხუა 1974 – ბიძინა ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი.

ქეგლ IV, 1955 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. IV (ვ,ზ, თ, ი, კ, ლ), არნოლდ ჩიქობავას მთავარი რედაქტორობით, თბილისი.

ქეგლ I, 2008 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. I (ა-ბ), ახალი რედაქცია, მთავარი რედაქტორი: ავთანდილ არაბული, თბილისი.

ქეგლ IV, 2019 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. IV (ე-ვ-ზ), ახალი რედაქცია, მთავარი რედაქტორი: ავთანდილ არაბული, თბილისი.

ჯორბენაძე 1984 – ბესარიონ ჯორბენაძე, უარყოფის გამომხატველ ფორმათა ნაირსახეობისათვის ქართულში, ქართული სიტყვის

კულტურის საკითხები, წიგნი მეექვსე, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

სიტყვაწარმოების ერთი საშუალებისათვის ქართულში (არ[ა]- და ვერ[ა]- უარყოფითნაწილაკიანი სახელები). (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 489-500. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/166