ქართული „სამხედრო-ტეხნიური ლექსიკონი“ 100 წლისაა
საკვანძო სიტყვები:
სამხედრო-ტექნიკური ლექსიკონი, ქართული სამხედრო ტერმინები, ვლადიმერ ცაგარელი, „სავალდებულო ტერ-მინოლოგია“ანოტაცია
მე-20 საუკუნის დასაწყისში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-კულტურული მოვლენების კვალდაკვალ დღის წესრიგში დადგა ტექნიკური და სამხედრო ტერმინოლოგიის შექმნის
საკითხი. ,,მეცნიერების თითქმის ყოველ დარგს და უმეტესად კი სამხედრო მეცნიერებას შეუკრეფელი და დაუმუშავებელი ტერმინოლოგია ჰქონდა“ (ცაგარელი 1920: I). სამხედრო წესდებებისა და სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესში გამოვლენილმა სირთულეებმა განაპირობა ქართული
სამხედრო-ტექნიკური ტერმინების შემუშავება და 1920 წელს გამოიცა პოლკოვნიკ ვლადიმერ
(ლადო) ცაგარელის მიერ შედგენილი ქართული ,,სამხედრო-ტეხნიური“ ლექსიკონი. პირველი ქართული სამხედრო-ტექნიკური ლექსიკონი დღეს 100 წლისაა.
ქართველი ოფიცრების და არა მარტო ოფიცრების, არამედ მეცნიერთა საზოგადოების
,,ქართული ენით ამეტყველებისთვის“ საჭირო იყო სათანადო ქართული ტერმინების, შესატყვისების მიგნება, რისთვისაც ქართული ენა ,,მზად“ არ იყო. პოლკოვნიკმა ლ. ცაგარელმა ,,მხსნელად“
გამოიყენა ძველი ქართული წიგნები და მასალა, ივ. ჯავახიშვილის მიერ აღნუსხული სამხედრო
ტერმინებისა და სიტყვების კრებული. ,,ლ. ცაგარელი დაუღალავად წლობით ჰკრებდა ხალხში ხმარებულს… სახელებს, ეცნობოდა…ძველ წყაროებს“ (ახვლედიანი 1925: VI). პოლკოვნიკი ლ. ცაგარელი სარგებლობდა ტექნიკოსთა ,,სიტყვარითაც“. სამხედრო ტერმინოლოგიის განვითარება ებმის
ტექნიკური ტერმინების განვითარებას. სწორედ ტექნიკის დარგში არსებული ჩამორჩენა შეავსო 1920 წელს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მიერ გამოცემულმა პირველმა ქართულმა ტექნიკურმა ლექსიკონმა (ღამბაშიძე 1972: 18), რომელიც წელს 100 წლის იუბელესთან დაკავშირებით
იბეჭდება განმეორებით (ქაროსანიძე 2020: 5-34).
100 წლის წინ ქართველი მეცნიერებისა თუ დარგის სპეციალისტების წინაშე წამოჭრილი სირთულე მხოლოდ ქართული ტერმინების უქონლობა კი არ იყო, არამედ ქართული ტერმინების შედგენისა და შეთხზვის გზების ძიება. პოლკოვნიკი ლ. ცაგარელი ცდილობდა როგორც ახალი
ფორმების შედგენას, ისე ახალი ფესვების შემოტანას. ერთი რამ ცხადია, თუ 1920 წლის სამხედროტექნიკურ ლექსიკონში ცალსახად ჩანს ტერმინების გაქართულების მცდელობა, 1925 წელს გამოცემულ სამხედრო-ტექნიკურ ლექსიკონში უპირატესობა ლათინურ ძირებს ენიჭება. დღეს ქართული სამხედრო ტერმინების შემოტანა-დამკვიდრებისას სამხედრო დარგის სპეციალისტები თუ ამ სფეროში მომუშავე სხვა დარგის (მთარგმნელები, სტილისტები) სპეციალისტები კვლავ სირთულის წინ
დგანან, რადგან სამხედრო ტერმინთა უდიდესი ნაწილი, მაგალითად, ქართულ ენციკლოპედიურ
ლექსიკონშიც, საერთაშორისო ძირებს ეფუძნება (მეძმარიაშვილი 2017). ,,ყველასათვის ნათელია, რომ 21-ე საუკუნის ქართულ სამეცნიერო ენაში ლათინური სიტყვები ჭარბობს. ლათინურმა ტერმინებმა ისევე ჩაანაცვლა ქართული ძირები, როგორც თავის დროზე აღმოსავლური ენებიდან შემოჭრილმა ლექსიკამ...“ ე.წ. საერთაშორისო სიტყვები კი სულაც არ არის საყოველთაო, „საყოველქვეყნო“ (ქაროსანიძე 2020: 29).
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ტექნიკური და სამხედრო ტერმინები ქმნის, აშენებს ერთიან სისტემას, რომელსაც ,,სამხედრო მეცნიერების ტაძარი“ ჰქვია (ცაგარელი 1920: IV). უდავოა, ტერმინი უნდა იყოს საყოველთაოდ მოსახმარიც და ,,სახალხოდ მისაღებიც“; თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე მოვლენების თანადროულად ტერმინები, შესაძლოა, იცვლებოდეს
და იხვეწებოდეს, რაც იმის საწინდარია, რომ ტერმინოლოგიის საკითხები ყოველთვის აქტუალური დარჩება, ხოლო ,,ტერმინოლოგიური მუშაობის ხერხემალი“ _ ძირითადი ფონდი, თანამედროვე სალიტერატურო ენასთან ერთად იქნება ძველი ქართული ენის ლექსიკა და ქართული დიალექტური
ლექსიკა (ღამბაშიძე 1972: 20)... ერის და, შესაბამისად, ენის თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა სწორედ ქართულ ძირებთან, ფესვებთან დაბრუნებაა; ეს კი არ გამორიცხავს და არ ეწინააღმდეგება დღევანდელ საჭიროებებს, არამედ შეესაბამება თანამედროვე მიდგომებსა და მოთხოვნებს.
წყაროები
არაბული 2014 – ავ. არაბული, ტერმინოლოგიის საკითხები, წინათქმა, თბილისი.
ახვლედიანი 1925 – გ. ახვლედიანი, წინასიტყვაობა, ლექსიკონი სამხედრო-ტეხნიკური, გვ. III-VI.
ლექსიკონი 1987 – სამხედრო ტერმინოლოგია, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი.
ლექსიკონი 2017 – ე. მეძმარიაშვილი, ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი.
მელიქიშვილი 2014 – დ. მელიქიშვილი, ძველი ქართული მწიგნობრული სკოლების გამოცდილების მნიშვნელობა თანამედროვე ქართული სპეციალური ტერმინოლოგიის განვითარებისათვის, ტერმინოლოგიის საკითხები, I;
სახოკია 1969 – თ. სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, გვ. 260.
ქაროსანიძე 2020 – ლ. ქაროსანიძე, სიტყვარი – ქართული ტექნი-კური ტერმინოლოგიის პირველი ლექსიკონი – 100 წლისაა, ტერმინო-ლოგიის საკითხები IV;
ღამბაშიძე 1972 – რ. ღამბაშიძე, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი პირველი, ტერმინოლოგიური მუშაობა საქართვე-ლოში, გვ. 18-20.
ცაგარელი 1920 – ლ. ცაგარელი, წინასიტყვაობის მაგიერ, ლექსიკონი სამხედრო-ტეხნიური, გვ. I-IV.
ჯიქია 2012 – ლევან ჯიქია, 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, სადოქტორო პროგრამა: საქართველოს ისტორია სადოქტორო ნაშრომი შესრულებულია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, გვ. 62.
ინტერნეტრესურესები
ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი – Mil.dict.ge.
რუსულ-ქართული ლექსიკონი – Nplg. Gov.ge.
განმარტებითი ლექსიკონი – Ena.ge.