ტერმინოლოგიური მოდელები პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის („სიტყვარის“) მიხედვით

ავტორები

  • ნინო ფხაკაძე

საკვანძო სიტყვები:

ტერმინოლოგია, ტერმინოლოგიური მოდელი, ტერმინოლოგიური შესიტყვება, ლექსიკონი, ტერმინთშემოქმედება

ანოტაცია

პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონი „სიტყვარი“ 100 წლის წინ შეიქმნა და მისი სამეცნიერო აქტუალურობა დღესაც თვალსაჩინოა. ლექსიკონი მკვლევართა ყურადღებას მრავალი ასპექტით იპყრობს. იგი მდიდარ მასალას გვაწვდის ტერმინთშემოქმედების ლინგვისტიკური კანონზომიერებების გასაანალიზებლად. 

სამეცნიერო ლიტერატურაში ლექსიკონის მნიშვნელობის შესახებ არაერთხელ არის მითითებული. ვუკოლ ბერიძემ (ბერიძე 1952), როგნედა ღამბაშიძემ (ღამბაშიძე 1981) და სხვა მეცნიერებმა შეისწავლეს სამეცნიერო ენის შექმნაში ტექნიკური ტერმინოლოგიის შემუშავების მნიშვნელობა, პრინციპები და „სიტყვარის“ ავტორთა მიდგომები, ლია ქაროსანიძემ თავის ნაშრომში (ქაროსანიძე 2020) საფუძვლიანად განიხილა „სიტყვარის“ ავტორთა მუშაობის მეთოდოლოგიური საფუძვლები, სხვა ენათა მონაცემებისა და გამოცდილების გამოყენების მექანიზმები, ქართული ძირების მაქსიმალური აქტუალიზების შესაძლებლობები, სატერმინოლოგიო
მუშაობის წინააღმდეგობრივი პროცესები და ტერმინთა შექმნისა და დამკვიდრების სამეცნიერო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. 

ჩვენს სტატიაში კიდევ ერთხელ ესმება ხაზი „სიტყვარის“ მნიშვნელობას სამეცნიერო ენის შექმნაში. მასში, ცნობილ მკვლევართა ნააზრევის საფუძველზე, არის მცდელობა ტერმინთშემოქმედების კომპლექსური პრობლემური საკითხებიდან ყურადღება გამახვილდეს ტექნიკური ტერმინოლოგიური მოდელების რეალიზების შესაძლებლობებზე, გამოიყოს სტრუქტურული ჯგუფები, მოხდეს ერთგვარი სისტემატიზაცია და სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში რეალიზებულ მოდელებთან (შესაბამის ტერმინოლოგიურ ლექსიკონებთან) შედარების
საფუძველზე გამოიყოს უნივერსალური და სპეციფიკური მახასიათებლები. 

ტერმინლოგიური ბაზის მოწესრიგება სამეცნიერო დისციპლინების განვითარების წინაპირობაა. ეროვნული მეცნიერება ეროვნული ტერმინოლოგიის სისტემატიზების საფუძველზე ვითარდება. დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და საკუთარი ენობრივი რესურსის მაქსიმალურ გამოყენებას. 

ტერმინოლოგიური ველების უნიფიცირებისა და სისტემატიზებისათის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტერმინოლოგიურ ლექსიკონებს, რომლებიც ავტორთა თეორიულ მიდგომებს წარმოაჩენს და გვთავაზობს ლექსიკურ ერთეულებს სათანადო დარგის ტერმინოლოგიისათვის.

სწორედ ამ მხრივ არის გამორჩეული პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონი „სიტყვარი“. იგი განსაკუთრებით ღირებულია იმით, რომ მისი შემდგენლები
ეყრდნობოდნენ ქართული ტრადიციული ტერმინოლოგიური სკოლების მონაპოვარს, იზიარებდნენ არა მარტო რუსულ, არამედ მთლიანად ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებას და
მაქსიმალურად ცდილობდნენ გამოეყენებინათ ქართული ენის მდიდარი რესურსი. „სიტყვარის“ ავტორთა ლინგვისტიკური მიდგომები დღესაც აქტუალურია. 

ლექსიკონში წარმოდგენილია სხვადასხვა ტერმინოლოგიური მოდელი. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ტერმინი ხელოვნურად არის მიღებული, ბევრ შემთხვევაში გამოყენებულია
ქართულისათვის ბუნებრივი სიტყვაწარმოებითი ყალიბები. ტერმინთა შედგენისას გათვალისწინებულია სემანტიკური გამჭვირვალობის პრინციპი, გამოყენებულია ხმაბაძვითობის მეთოდიც, წარმოჩენილია ტერმინთა მოტივირებულობა, განსაკუთრებული დამოკიდებულება
მჟღავნდება ტერმინთა თარგმნის მიმართ.

ლექსიკონში გვხვდება შემდეგი ტერმინოლოგიური მოდელები: მარტივფუძიანი, აფიქსური წარმოების, კომპოზიციით მიღებული, ტერმინოლოგიური შესიტყვებები. საინტერესოა
სემანტიკური დერივაციის საკითხები.

თითოეული მოდელის შიგნით გამოიყოფა ქვეჯგუფები. მოხსენებაში კლასიფიცირებულია შესაბამისი მასალა, შედარებულია ზოგიერთ სხვა სამეცნიერო დისციპლინათა ტერმინოლოგიურ სტრუქტურებთან. წარმოჩენილია უნივერსალური და სპეციფიკური მახასიათებლები. 

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო ფხაკაძე

    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

ბერიძე 1952 – ვუკოლ ბერიძე, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიისათვის, „მეცნიერება და ტექნიკა“, №7, თბილისი.

ღამბაშიძე 1981 – როგნედა ღამბაშიძე, პირველი ტექნიკური ლექსიკონი და მისი როლი ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებაში, ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, ტ. V, თბილისი.

სიტყვარი 1920 – სიტყვარი, პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ლია ქაროსანიძის შენიშვნებითა და წინასიტყვაობით, თბილისი.

ფოჩხუა 1974 – ბიძინა ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბილისი.

მელიქიშვილი 1999 – დამანა მელიქიშვილი, ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან, თბილისი.

ქაროსანიძე 2020 – ლია ქაროსანიძე, „სიტყვარი – ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის პირველი ლექსიკონი – 100 წლისაა“, ტერმინოლოგიის საკითხები, IV, თბილისი.

კოპალეიშვილი... 2018 – მადონა კოპალეიშვილი, ნელი მახვილაძე, ემა პავლოვიჩი, ირინე ბედინაშვილი, სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკის სტანდარტიზაციის მდგომარეობა საქართველოში, ტერმინოლოგიის საკითხები, III, თბილისი.

ლობჟანიძე 2018 – ირინა ლობჟანიძე, თარგმანზე ორიენტირებული ტერმინოგრაფია (ISO-ს სტანდარტებზე ორიენტირებული მიდგომა), ტერმინოლოგიის საკითხები, III, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

ტერმინოლოგიური მოდელები პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის („სიტყვარის“) მიხედვით. (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 379-392. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/129