ენა და ლიტერატურათმცოდნეობითიტერმინოლოგია XVII საუკუნის საფრანგეთსა და საქართველოში(კომპარატივისტული კვლევა)

ავტორები

  • მაია ნაჭყებია

ანოტაცია

მთელი რიგი ერების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ისეთ ჟანრს, როგორიც არის ენის ქება. ჩვენი დაკვირვებით, ამ ტიპის თხზულებები ყოველ ერში მისთვის გარდამტეხ პერიოდში იქმნებოდა. ქრონოლოგიურად სხვა ქრისტიანი ერების ენის ქებას წინ უსწრებს
„ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, თუმცა ამჯერად მასზე არ შევჩერდებით და ყურადღებას გავამახვილებთ ფრანგული რენესანსის უმნიშვნელოვანეს ტექსტზე, პირველ ლიტერატურულ მანიფესტად აღიარებულ ტრაქტატზე „ფრანგული ენის დაცვა და ხოტბა“ (Défense et illustration de la langue française) (1549). ტრაქტატის ავტორი დიუ ბელე უპირისპირდება იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ფრანგული ენა „ბარბაროსული“ ენაა და არ არის მორგებული დახვეწილი აზრების გადმოსაცემად ისე, როგორც ბერძნული ან ლათინური. მანიფესტის ავტორი განმარტავს, რომ ფრანგული ენა საკმაოდ მოქნილი, კეთილხმოვანი და ძლიერია და საჭიროა მისი მხოლოდ გამდიდრება და გაკეთილშობილება. პირველ რიგში, იგი ილაშქრებს ლათინურ ენაზე
დაწერილი პოეზიის წინააღმდეგ და ფრანგული ენის უფლებებს იცავს. ფრანგული ენის შესახებ მსჯელობისას ნათელია, თუ რამდენად სწამს მას მშობლიური ენის შესაძლებლობებისა.
დიუ ბელე მკითხველს შეახსენებს, რომ ოდესღაც ბერძნული და ლათინური ენებიც მოუქნელი
იყო და სრულყოფას მათ ხანგრძლივ მეცადინეობათა შედეგად მიაღწიეს. ასეთივე გზა უნდა განვლოს ფრანგულმა ენამაც, მისი გამდიდრების საუკეთესო გზა ძველი ენებიდან სიტყვების და გამოთქმების სესხებაა, მაგრამ სესხება გონივრულად უნდა მოხდეს და უნდა შეესაბამებოდეს მშობლიური ენის სულს/სულისკვეთებას, რათა ისინი ბუნებრივად ჟღერდნენ. გარდა ამისა, ფრანგული ენის გამდიდრების წყარო უნდა იყოს არა მხოლოდ ანტიკურობა, არამედ ხელოსნების, მეზღვაურების, მხატვრების ენა და დიალექტები. „ფრანგული ენის დაცვა და ხოტბა“ განმსჭვალულია სამშობლოსადმი სიყვარულით, სიამაყით, მის მიერ მიღწეული წარმატებების გამო, რომლებიც თავისი სიძლიერით მოიპოვა და სიამაყით მისი ამოუწურავი შინაგანი შესაძლებლობებისადმი. დიუ ბელე ოცნებობს იმაზე, რომ ფრანგულმა ენამ და ლიტერატურამ
აყვავების ისეთ დონეს მიაღწიოს, რომელიც შესაბამისი იქნება ქვეყნის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სულიერი განვითარებისა.

რენესანსის ეპოქა ბაროკოს ეპოქამ შეცვალა, უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდის ფრანგული
ლიტერატურული ცხოვრება უაღრესად საინტერესოა თავისი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინოლოგიით, რომელიც ცალკეული ჟანრისათვის წაყენებული მოთხოვნების წიაღში ყალიბდებოდა. მაგალითად, ეპოპეასთან, ანუ ჰეროიკულ ეპოსთან დაკავშირებით იხსენიება შემდეგი ტერმინები: სიმართლე (verite), გამონაგონი (fiction), ტყუილი (mensonge), არაჩვეულებრივი/გასაოცარი (merveilleux) ან სასწაული (miracle), ზებუნებრივი/არაჩვეულებრივი (surnaturel), არაჩვეულებრივი ღვთისმოსაობა (surnaturel devot). რომანთან დაკავშირებით გამოჩნდა
ცნება დასაჯერებელი, სარწმუნო (Vraisemblable) ანუ ის, რაც შეესაბამება სინამდვილეში მომხდარ წარმოდგენას. 1670 წელს დაიწერა პიერ-დანიელ უეს „ტრაქტატი რომანების შესახებ” (Pierre-Daniel Huet, Traite de l’origine des romans (1670)), რომელიც საინტერესოა რომანსა და ეპოპეას შორის არსებული განსხვავებების კლასიფიკაციის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების
გამო. აქ გვხვდება შემდეგი ტერმინები: გამოგონილი სასიყვარულო თავგადასავლები (fictions
d’aventures amoureuses), გამონაგონი (des fictions), ნამდვილი (veritable), გასაოცარი (merveilleux),
დასაჯერებელი (vraisemblables). 

ფრანგული ბაროკოს ეპოქის ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინოლოგიას საინტერესო პარალელები ეძებნება ქართული ბაროკოს, ანუ ე.წ. აღორძინების ხანის ქართულ ლიტერატურაში: არჩილის „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასების“ პროზაულ წინათქმაში არჩილი ლაკონურად აყალიბებს თავის ლიტერატურულ შეხედულებებს: „...არა ხოტბა, არამედ მართალი (...) ვითარც მოწყენილის კაცის წესია რაგინდარას მოგონება და ჯავრის დაუმორჩილებლობა, სხვას ზღაპრულს ამბავს – ესევ მართალი ამბავი ვარჩიე გასალექსავად. და არცა ამაში ტყუილი სწერია ერთის – მეფისა და რუსთველის პირდაპირ გაბაასების – მეტი“. მოხსენებაში წარმოდგენილი არჩილის ლიტმცოდნეობითი ტერმინოლოგია – მართალი, ზღაპრული, ამბავი – განხილულია „სიტყვის კონის“ (1685–1716) ფონზე, ანუ იმ განმარტებათა ასპექტში, რომელსაც ის პერიოდი გვთავაზობს.

ავტორის ბიოგრაფია

  • მაია ნაჭყებია

    შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

წყაროები

არჩილი 1999 – არჩილი, თხზულებათა სრული კრებული, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, ლექსიკონი და საძიებელი დაურთეს ი. ლოლაშვილმა, ლ. კეკელიძემ, ლ. ძოწენიძემ, გამოკვლევა რ. ბარამიძისა, თბილისი.

ბარამიძე 1940 – ალექსანდრე ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, II. თბილისი.

ესთეტიკა 1981 – Эстетика ренессанса. Том II. Составитель В. П. Шестаков. Москва: Искусство: http://abuss.narod.ru/ renaissance/ shestakov289.htm

ვიპერი 1976 – Виппер Ю. Б. Поэзия Плеяды. Становление литературной школы. Москва: Наука.

კეკელიძე 1958 – კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბილისი.

ლაშქარაძე 1977 – ლაშქარაძე, დ., ევროპეიზმის პრობლემა ქართულ ლიტერატურაში, თეიმურაზ პირველიდან ნიკოლოზ ბარათაშვილამდე, თბილისი.

სირაძე 1978 – რევაზ სირაძე, ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან, თბილისი.

სულხან-საბა 1948 – სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა, თბილისი.

შოვე 1997 – Jan-Pieree Chauveau, Lire le baroque, DUNOD, Paris, 1997.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-01-17

როგორ უნდა ციტირება

ენა და ლიტერატურათმცოდნეობითიტერმინოლოგია XVII საუკუნის საფრანგეთსა და საქართველოში(კომპარატივისტული კვლევა). (2022). ტერმინოლოგიის საკითხები, 5, 306-318. https://terminology.ice.tsu.ge/terminology/article/view/123