განტერმინება (დეტერმინოლოგიზაცია), როგორც ლექსიკის გამდიდრების საშუალება(სამედიცინო ტერმინთა მაგალითზე)
საკვანძო სიტყვები:
ქართული ენა, ლექსიკა, ტერმინოლოგია, სამედიცინო ტერმინები, გატერმინება, განტერმინებაანოტაცია
ამა თუ იმ სამეცნიერო დარგის ენაში, გარდა ზოგადი სალიტერატურო ლექსიკისა, გამოყოფენ რამდენიმე ლექსიკურ შრეს: 1. ყველა სამეცნიერო დარგისთვის საერთო ზოგად ცნებათა
სახელებს (რომელთა რაოდენობა პროცენტულად ყველაზე მეტია); 2. ახლოს მდგომ დარგებთან
საერთო სპეციალურ ლექსიკას; 3. კონკრეტულად ამ დარგში გამოყენებულ ვიწრო სპეციალურ ტერმინოლოგიას.
ლინგვისტიკისთვის საინტერესოა სხვადასხვა ლექსიკური ერთეულის მიგრაცია სალიტერატურო ენიდან ტერმინოლოგიაში და პირიქით. ეს პროცესი დამახასიათებელია ნებისმიერი სამეცნიერო დარგისთვის, რადგან ყველაზე დინამიკური სწორედ ლექსიკაა.
ამ დროს ლექსიკაში შეინიშნება სემანტიკური ძვრები: ვიწროვდება ან ფართოვდება ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობა, ზოგჯერ კი მეტაფორულად იცვლება.
სამედიცინო ტერმინოლოგიისთვისაც დამახასიათებელია ე. წ. განტერმინება (დეტერმინოლოგიზაცია), როცა სპეციალური ტერმინები გადმოდის სალიტერატურო ენაში ‒ მასმედიისა თუ მხატვრულ ტექსტებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი უნივერსალურია და მეტ-ნაკლებად ახასიათებს ყველა ენის სპეციალურ ლექსიკას.
ქართულ ლინგვისტიკაში დეტერმინოლოგიზაციას ყურადღება მიაქცია გ. კვარაცხელიამ, როცა განიხილა სამეცნიერო და პუბლიცისტურ ფუნქციურ სტილთა მახასიათებლები. სხვადასხვა სამეცნიერო დარგის ლექსიკასთან ერთად მან დაასახელა პუბლიცისტიკის ენაში გამოყენებული სამედიცინო ტერმინებიც (აგონია, ალერგია, არითმია, დოზა და სხვ.) და ხაზი გაუსვა ამ სიტყვებისთვის უარყოფით-შემფასებლური ელფერის დამატებას.
თანამედროვე მასმედიის ენაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ დღესაც უფრო ხშირად დეტერმინოლოგიზაციას (განტერმინებას) განიცდის იგივე ლექსიკური ერთეულები: დაავადებების, სინდრომებისა და სიმპტომების აღმნიშვნელი ლექსიკა. როგორც ჩანს, ამ ლექსიკური ფენის მეტაფორული პოტენციალი საკმაოდ დიდია და წინ წამოწეულია მათი უარყოფითი შეფერილობა. დადასტურდა კიდევ რამდენიმე უცხოური წარმოშობის სამედიცინო ტერმინის მეტაფორული გამოყენება (ატროფია, ბაქტერია, მიკრობი, დიაგნოზი, ნარკოტიკი, ტოქსიკოზი, შიზოფრენია, შოკი...). განტერმინება შეეხო ზოგიერთ ქართულ სამედიცინო ტერმინსაც: კიბო, ჭლექი, დამბლა, გულყრა...
გადატანითი მნიშვნელობით სამედიცინო ლექსიკა დასტურდება სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ტექსტებში. მაგ., აგონია დაკავშირებულია შემდეგ მსაზღვრელებთან: რეჟიმის, ხელისუფლების, ეკონომიკის, რელიგიის, ქალაქის; კოლაფსი ‒ სისტემის, ინსტიტუციების, განათლების, დოლარის, ევროს, ურბანული, კრიმინოგენული, სატრანსპოტო, ფინანსური, სამართლებრივი; მეტასტაზი ‒საზოგადოების, საბჭოურ-კომუნისტური, რუსოფობიური, სიყვარულის; ეკონომიკის დამბლა; ეკონომიკის ნევროზი; წინასაარჩევნო ფსიქოზი და სხვ.
განტერმინებული ლექსიკა ქმნის მყარ სიტყვათშეხამებებსაც არაპირდაპირი მნიშვნელობით გამოყენებისას: დამბლა დაეცა, დამბლა დასცეს, დამბლა მოუვიდა; ჭლექი გაუჩინა, თავბრუ დაახვია, ფსიქოზს ნერგავენ, ნევროზს აიკიდებს... ზოგიერთმა ლექსიკურმა ერთეულმა პოეტურ ენაშიც კი შეაღწია (მაგ., დეკემბრის აგონია, სულის აგონია, ფოთლების აგონია, ტბის
აგონია, ქარის აგონია, სიყვარულის ტრანსპლანტაცია და სხვ.).
ნებისმიერი სამეცნიერო დარგის (მათ შორის ‒ სამედიცინო) ტერმინთა დეტერმინოლოგიზაცია ანუ განტერმინება მეტაფორიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც ამდიდრებს სალიტერატურო ენის ლექსიკას და ზრდის მის ექსპრესიულობას.
წყაროები
გელენიძე 1981 – ლატავრა გელენიძე, ტერმინოლოგიისა და საერთო-სახალხო ენის მიმართებისათვის სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან დაკავშირებით: ქსკს, წ. 4, მეცნიერება, თბილისი, გვ. 87-92.
ზექალაშვილი 2000 – რუსუდან ზექალაშვილი, ქართული ენა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხები, სტამბა შპს, გაზეთი „საქართველოს მაცნე“, თბილისი.
კვარაცხელია 1990 – გუჩა კვარაცხელია, ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა, თსუ გამომცემლობა, თბილისი.
ღამბაშიძე 1987 – როგნედა ღამბაშიძე, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები, მეცნიერება, თბილისი.
მაჯაევა – Маджаева С. И., Медицинские термины в неспециальной литературе. https://vestnik.susu.ru/linguistics/article/view/9958
რიდნევა – Риднева Л., Детерминологизация как средство художественной выразительности в публицистическом и художественном стиле русского языка: Умань. https://dspace.udpu.edu.ua/bitstream/6789/3484/1/determinologizatsuja.pdf
ზემლევიჩიუტე – Zemlevičiūtė P., Medical Terms in a Fictional Text. DOI: doi.org/10.35321/all84-04 https://journals.lki.lt/actalinguisti-calithuanica/article/view/2081
ხადური და სხვ. – ნ. ხადური, ნ. კაკულია, მ. ჩიქობავა, ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკა (რიდერი): https://old.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/ec.makro.pdf
სამედ. ტერმ. 2011 – გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე, ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები, მერიდიანი, თბილისი.
მოხ. ლექს. 2004 – მოხელის სამაგიდო ლექსიკონი (შემდგ. ს. ურიდია და სხვ., რედ. ვ. გურგენიძე), თბილისი.
ტექ. ტერმ. 1982 – ტექნიკური ტერმინოლოგია (ქართულ-რუსული ნაწილი), მეცნიერება, თბილისი.
ქეგლ 1950-1964 – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რვატომეული (არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით), მეცნიერება, თბილისი: https://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php
მეტ. ტერმ. 2011 – მეტალურგიული ტერმინების ლექსიკონი (ქართულ-რუსულ-უკრაინულ-ინგლისურ-გერმანულ-ფრანგული), ორ ტომად (მთავარი რედ.: გ. ქაშაკაშვილი), გამ-ბა სტ. „ფორმა“, თბილისი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=15
უსლ 1989 – უცხო სიტყვათა ლექსიკონი, მე-3 შესწ. და შევს. გამოცემა (შემდგ. მ. ჭაბაშვილი), განათლება, თბილისი.
ინტერნეტწყაროები
კორპ. – ილიას უნივერსიტეტის ქართული ენის კორპუსი: http://corpora.iliauni.edu.ge/search_words
ქეეკ – ქართული ენის ეროვნული კორპუსი: http://gnc.gov.ge/gnc/page
KaWaC – თანამედროვე ქართული ენის ვებკორპუსი:http://corpus.leeds.ac.uk/internet.html
ინტ.1–http://www.culturedialogue.com/resources/library/terms/kulturuli%20shoki.shtml