რძის პროდუქტების სახელდებისათვის
საკვანძო სიტყვები:
რძე, საკვები, პროდუქტები, რეგულაციები, სახელდებაანოტაცია
პროდუქტების, განსაკუთრებით მსუბუქი მრეწველობის საკვები პროდუქტების, სახელდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სახის ნაწარმს ყველა ყიდულობს. შესაბამისად, მათი სახელწოდება დაუბრკოლებლად და ფართოდ ვრცელდება. მოხსენებაში განვიხილავთ რამდენი ტერმინს, რომლებიც, ჩვენი აზრით, არასწორადაა დამკვიდრებული თანამედროვე ქართულ ენაში:
ა) გამომცხვარი რძე
რძის პროდუქტების მწარმოებელი არაერთი კომპანია ამ ბოლო ხანებში ამზადებს ე.წ.
გამომცხვარ რძეს. მაგ. კომპანია „სოფლის ნობათი“ გვთავაზობს გამომცხვარ რძეს, მაწონს, არაჟანს. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ გამომცხვარ რძეზე. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში „გამოცხობა“ არ უკავშირდება თხევად პროდუქტებს, მითუმეტეს რძეს.
რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას ქვეყანაში არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა: საქართველოს მთავრობის დადგენილება N 152, 2015 წ. 3 აპრილი, თბილისი;
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
1 მითითებულ დოკუმენტში შესაბამის მუხლებში განმარტებულია როგორც ტექნოლოგია, ასევე ტერმინოლოგია. აღნიშნულ დოკუმენტში არსად არ გვხვდება გამომცხვარი რძე.
კომპანია „სოფლის ნობათი“ გვაცნობს თავის ტექნოლოგიას და წერს: „რძის გამომცხვარი პროდუქტების მომზადების პროცესი ერთი დიდი ცერემონიაა. მისი ცხობა ღუმელში მთელი 6-8 საათი მიმდინარეობს, შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში აჩერებენ სპეციალურ
ჭურჭელში“.
მაშასადამე, ამ განმარტების მიხედვით: გამომცხვარი რძე არის პროდუქტი, რომელიც
რძის თერმული დამუშავებით, კონკრეტულად კი ღუმელში მასზე ზემოქმედებით მიიღება.
რძის უბრალოდ თერმული დამუშავება თავისთავად არაფერს გვაძლევს. მაგ., პასტერიზება ან
ადუღება რძის თერმული დამუშავებაა, მაგრამ არც პასტერიზებითა და არც ადუღებით განსხვავებული პროდუქტი არ მიიღება. რძე ისევ რძედ რჩება.
გამომცხვარი რძე არის ინგლისური დასახელების baked milk პირდაპირი თარგმანი. ეს არის რძის ნაწარმი, რომელიც გავრცელებული იყო და მზადდებოდა (შესაბამისად, ახლაც
მზადდება და გავრცელებულია) რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში. კერძოდ, რუსული: топлёное молоко, უკრაინული: пряжене молоко, ბელორუსული: адтопленае малако. ინგლისელები განმარტავენ ასევე, რომ ეს პროდუქტი მიიღება simmering-ის გზით და არა bakingით. Simmer – ნელ ცეცხლზე დუღილი, ხარშვა. Bake - „გამოცხობა“. Simmer იგივე პროცესია, რაც
რუსული топление (რაც, თავის მხრივ, томление-დან მოდის, ანუ ნიშნავს დიდხანს დაყოვნებას,
ხანგრძლივ პროცესს).
რუსულ-ქართულ ლექსიკონში შემდეგი განმარტებაა:
2. топить, топлю, топит
უსრ. что 1.[და]დნობა (ადნობს), გადადნობა, გამოდნობა: 2.რძის ჟრობა: ასევე, იმავე ლექსიკონში გაქვს: топленный, топлённая,топлённое დამდნარი, გამდნარი, გადამდნარი, გამოდნობილი, გალხობილი; ნაჟრობი, მჟრალი: т. воск გამდნარი ცვილი; т-ое молоко ნაჟრობი, მჟრალი რძე, т-ое масло ერბო.
ჟრობა – გვხვდება ქართულ კილოებში, მაგ. გურულში და ნიშნავს ნელ ხარშვას. 2 როგორც ვხედავთ, ქართულში გვაქვს შესაბამისი შესატყვისი – მჟრალი რძე, ან ნაჟრობი რძე. ზემოთ მითითებულ მთავრობის დადგენილებაში გვაქვს ტერმინი რძემჟრალი. ეს ტერმინი გამოიყენება რძის პროდუქტის, კერძოდ ვარენეცის განმარტებისას. ვარენეცი მჟრალი რძისგან მიღებული პროდუქტია.
ასევე: „გადადნობა, ჟრობა – დაყოვნება მაღალ ტემპერატურაზე დამახასიათებელი სპეციფიკური ორგანოლეპტიკური თვისებების – ფერის, სუნის, გემოს და სტრუქტურის (ტექსტურა) მიღწევამდე“.
რატომ გამოიყენეს ინგლისელებმა ცხობა ეს ჩვენი განხილვის საგანს არ წარმოადგენს. ქართულში კი გვაქვს ზუსტი შესატყვისი და სასურველი იქნებოდა შესაბამისად გამოეყენებინათ და არ მიგვეღო გაუგებარი გამომცხვარი რძე.
ბ) საღი რძე
რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკურ რეგლამენტში არსად არ დასტურდება ასეთი სიტყვათშეთანხმება – საღი რძე, რძის პროდუქტებზე კი გვხვდება წარწერები, რომლებიც გვამცნობს, რომ პროდუქტი დამზადებულია საღი რძისაგან. რას გულისხმობს ეს ტერმინი?
ვფიქრობთ, ისევე, როგორც გამომცხვარი რძე, ეს სიტყვათშეთანხმება ინგლისურის შეუსაბამო თარგმანის შედეგია. ინგლისურ ტერმინს whole milk შეესაბამება რუსული цельное
молоко. ეს არის რძე, რომელიც არანაირად არ მუშავდება, ანუ მოწველის შემდეგ მისი ქიმიური
შემადგენლობა არ იცვლება. მასობრივი წარმოების შემთხვევაში იგი მხოლოდ უმნიშვნელოდ მუშავდება თერმულად. whole milk-ის გარდა, ინგლისურში ასევე გამოიყენება full-cream milk და not skimmed/unskimmed milk ეს უკანასკნელი სიტყვასიტყვით მოუხდელს ნიშნავს.
რუსულ-ქართული ლექსიკონის მიხედვით:
цельный, цельная, цельное – 1. მთლიანი, ერთიანი; 2. შუმი; მოუხდელი: ц-ое вино შუმი, თავანკარა ღვინო; ц-ое молоко მოუხდელი რძე.
რეგლამენტში არის ეს ტერმინი შესაბამისი განმარტებებით, გვხვდება რამდენჯერმე, მაგალითად: „რძე მოუხდელი სასმელი – თერმულად (თბურად) დამუშავებული რძე, რომელიც შეიძლება იყოს სტანდარტული და არასტანდარტული“.
საღი სულ სხვა მნიშვნელობების მქონე განსაზღვრებაა (ჯანმრთელი, დაუავადებელი, უზადო, ჯანსაღი, სწორი, მართებული, გონივრული და სხვ. რომელიც, ვფიქრობთ, რძესთან
ნაკლებად გამოგვადგება, მითუმეტეს, როცა არსებობს ზუსტი შესატყვისი.
მაშასადამე, საღი რძის ნაცვლად მოუხდელი რძე უფრო მართებულია როგორც ენობრივად, ასევე ტექნოლოგიურად.
დაბოლოს, მთავრობის იმავე დადგენილებიდან მოვიყვანთ ამონარიდს: „ბაზარზე განთავსებული რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტმა, აღწერილობამ და
წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი“.
წყაროები
ლექსიკონი 1983 – რუსულ-ქართული ლექსიკონი, საბჭოთა საქართველო, თბილისი.
ქეგლი – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: https://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php
შარაშიძე 2014 – გიორგი შარაშიძე, გურული ლექსიკონი, გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, თბილისი.
საკანონმდებლო მაცნე – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; დოკუმენტი N 152: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2803085?publication=0