აფიქსოიდიან ტერმინთა სტრუქტურული ჯგუფები
საკვანძო სიტყვები:
აფიქსოიდი, ტერმინელემენტი, კომპოზიტებიანოტაცია
ტერმინთა სისტემაში გამოყოფენ ელემენტებს, რომლებსაც ტერმინელემენტებს უწოდებენ. მათ აქვთ მკვეთრად გამოხატული ტერმინოლოგიური მნიშვნელობა და მიუთითებს განსაზღვრულ ტერმინოლოგიურ ველზე. ტერმინელემენტებს აქვს სემანტიკური, სტრუქტურული და ფუნქციური თვისებები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ელემენტები ტერმინთა შექმნისათვის მზამზარეულ სტანდარტულ მაწარმოებლებს წარმოადგენს. მათ შორის უნდა გამოვყოთ აფიქსოიდები. აფიქსოიდიანი ტერმინები ყველა ენაშია დამკვიდრებული. ამ ტერმინთა შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს − აფიქსოიდიანი ტერმინები, რთული სიტყვებია თუ ნაწარმოები.
თეორიულ კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორთოგრაფიული საკითხების გადასაწყვეტად. ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში გარკვეულად შესწავლილია ეს საკითხი, აფიქსოიდიან ტერმინებს არაერთი მკვლევარი შეხებია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ საკითხის შესწავლა არ ამოწურულა, მოსაწესრიგებელი და გადასაწყვეტია.
აფიქსოიდიანი ტერმინები უნდა დაჯგუფდეს სხვადასხვა კლასიფიკაციის მიხედვით. ცალ-ცალკე უნდა გაიმიჯნოს პრეფიქსოიდიანი და სუფიქსოიდიანი, უცხო წარმომავლობისა
და ქართულაფიქსოიდიანი ტერმინები, ასევე, ცალკე უნდა გამოიყოს ჰიბრიდული ტერმინები.
საერთაშორისო აფიქსოიდებს, რა თქმა უნდა, შეესატყვისება ქართული ეკვივალენტები.
ფაქტობრივად, ისინი სიტყვასიტყვით ითარგმნება, სემანტიკურად იდენტური მნიშვნელობით
იხმარება და ხშირად ჩაენაცვლება საერთაშორისო აფიქსოიდებს. გარდა ამისა, ქართულ ენაში
შეინიშნება ზოგიერთი ქართული ფუძის აფიქსოიდად ქცევის ტენდენციაც. ეს საკითხი ამ კუთხით დამატებით კვლევას მოითხოვს.
ტერმინოლოგიური მუშაობის სრულყოფისათვის აუცილებლად მიგვაჩნია ტერმინთბანკში ყველა აფიქსოიდი იყოს წარმოდგენილი თავისი ეტიმოლოგიით. ეს მოაწესრიგებს იმ სიჭრელეს, რომელიც აფიქსოიდიანი სიტყვების გაფორმებისას გვხვდება. მაგ.: წინასწარ დაძაბული(ტექნ.) ცალ-ცალკე დაიწეროს თუ ერთად, ასევე - შიგამოძრაობა, ნახევრად აფიქსოიდით გაფორმებული ლექსიკური ერთეულები, მაგ., ნახევრად ბმული შდრ. ნახევარსიბრტყე. ქართული ამგვარი აფიქსოიდების სიმრავლით გამოირჩევა და ეს საკითხი შესასწავლია.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ ენაში აფიქსოიდთა ლექსიკონი არსებობს, სამწუხაროდ, ასეთი ლექსიკონი ქართულში არ მოგვეპოვება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით
საყურადღებოა აფიქსოიდთა სტრუქტურულ ჯგფებად დალაგება, რაც გამოკვეთს იმ სირთულეებს, რომლებიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული, ასევე, მათი გადაჭრის გზებსაც, ეს კი საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ აფიქსოიდთა ლექსიკონი, რომელიც ქართულში ჯერჯერობით არ გამოცემულა. უნდა აღინიშნოს, რომ აფიქსოიდიანი წარმოება მეტად ცოცხალი პროცესია,
მეცნიერების სხვადასხვა სფერო ახლაც აქტიურად იყენებს აფიქსოიდებს ახალი ტერმინების
შესაქმნელად, ამიტომ ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს, უფრო აქტიურად გამოიყენონ აფიქსოიდები, როგორ უცხოური, ასევე ქართული, რადგან ისინი უფრო მოკლედ და ზუსტად გადმოსცემენ ცნების არსს.
წყაროები
დათეშიძე 2013 – ნ. დათეშიძე, აფიქსოიდთა სიტყვათწარმოებითი ფუნქციები ტერმინოლოგიაში, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, Xlll, თბილისი.
მუზაშვილი 2018 – ნ. მუზაშვილი, წინ-, წინასწარ -აფიქსოიდთა გაფორმებისათვის, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, XVlll, თბილისი.
ოსაძე 2016 – მ. ოსაძე, ტერმინთა სესხება-ადაპტაციის საკითხები ქართულ ენაში, თბილისი.
სხირტლაძე 2019 – „ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი“ ქართულ ტერმინთსაცავში, კონფერენცია „სამეცნიერო საკითხები“.
ღამბაშიძე 1986 – რ. ღამბაშიძე, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის პრინციპები, თბილისი.
ტექნიკური ტერმინოლოგია 1982, თბილისი.
ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი 1988 – ბ. ჯორბენაძე, მ. კობაიძე, მ. ბერიძე, თბილისი.
ჭაბაშვილი 1989 – მ. ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბილისი.
სამხედრო ტერმინოლოგია 1987, თბილისი.
ავტოტრანსპორტის ტერმინოლოგია 1987, თბილისი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი.