მინერალური წარმოშობის სამკურნალწამლო საშუალებების განმარტებითი ლექსიკონის შესახებ ქართული საექიმო წიგნებისა და კარაბადინების მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
კარაბადინი, ალმასი, გილი არმანი, გილი მახთუმი, გოგირდი, ლახოსტაკიანოტაცია
კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 2017-2022 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში“ (გრანტი HE 17-54). პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ საკვლევ ამოცანას წარმოადგენდა ფუნდამენტურ სამედიცინო თხზულებებში (ქანანელის „უსწორო კარაბადინი“, ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოჲ“, ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი-კარაბადინი“, დავით ბაგრატიონის, დაუთხანის „იადიგარ დაუდი“) მოცემული სამკურნალწამლო
საშუალებების შესწავლა.
აღნიშნული თხზულებების მიხედვით ცხოველური და, განსაკუთრებით მცენარეული ნედლეული, უხვად გამოიყენება სამკურნალწამლო საშუალებებად, ამასთან, აღმოჩნდა, რომ მინერალური წარმოშობის ნივთიერებებიც აქტიურად გამოიყენებოდა მკურნალობის მიზნით. კვლევის შედეგად სამედიცინო წიგნებისა და კარაბადინების მიხედვით გამოიყო 40-ამდე მინერალური წარმოშობის საშუალება, მათი სამკურნალო ფუნქციის მითითებით.
მაგალითისათვის: კარაბადინებში გილი არმანი, გილერმანი (ტალახი, თიხა, მიწა სომხური, Bolus Armenica/Bolus Armenus – წვრილმარცვლოვანი რკინოვანი თიხა დამახასიათებელი ყვითელი ან მოყავისფრო-წითელი ფერის, ძლიერი შემკვრელი თვისებებით) და/ან გილი მახთუმი (თეთრი თიხა, Bolus Alba - ბუნებრივი სილიციუმშემცველი ენტეროსორბენტი, რომელიც შედგება კაოლინიტის (Al₄[Si₄O₁₀](OH)₈ ჯგუფის ერთი ან რამდენიმე მინერალისაგან, მითითებულია, როგორც რთული შედგენლობის სამკურნალწამლო საშუალებების ერთ-ერთი კომპონენტი ისეთ შემთხვევებში, როგორებიც არის: სისხლის დენა, კუჭ-ნაწლავის დაავადება, ფაღარათი, მოწამვლა, კანის დაავადება და სხვ. „იადიგარ დაუდში“ ცხვირიდან სისხლის დენის შეჩერების წამალი ასე არის აღწერილი: „ბურჰამან აქიმმან თქუა: თუ ესე წამალი, სისხლის დაწყუეტისათვის ბევრჯელ მიქნია, და დამიცადიაო. მოიტანე თოვლისა, ბაზარუჯისა და კიტრის
გულის წყლები და ამა წყლებშიგა გილი არმანი გააყენეთ და ცოტა ქაფურიცა გაურიეთ, და ორსავე ცხვირშიგა უნდა ჩაასხან“ (ბაგრატიონი 1985).
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მინერალური წარმოშობის სამკურნალწამლო საშუალებების განმარტებით ლექსიკონზე, რომელიც აღნიშნული კვლევის შედეგად მომზადდა.
წყაროები
ვახტანგ VI 1981 – ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქი-მიისა ქმნის, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ და ვ. კო-კოჩაშვილმა, თბილისი.
ვახტანგ VI 2013 – ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის, რ. ჩაგუნავა, ე. მარქარასვილი, თბილისი.
იადიგარ დაუდი 1985 – დავით ბაგრატიონი, იადიგარ დაუდი, გამოცემულია პ. ფირფილაშვილის მიერ (1938წ. ლადო კოტეტიშვი-ლის გამოცემის მიხედვით), თბილისი.
ორბელიანი 1991 – ორბელიანი სულხან-საბა. ლექსიკონი ქარ-თული, I ტომი, თბილისი.
უსწორო კარაბადინი 1940 – ქანანელი, უსწორო კარაბადინი, ტექსტი დაამუშავა და წინასიტყვაობა დაურთო ლ. კოტეტიშვილმა, საქმედგამი, თბილისი.
ფანასკერტელი-ციციშვილი 1978 – ზ. ფანასკერტელი-ციციშვილი, სამკურნალო წიგნი – კარაბადინი, ტექსტი მოამზადა, შენიშვნები, საძიებელი და ლექსიკონი დაურთო მ. შენგელიამ, რედაქტორი ე. კანდელაკი, თბილისი.
წიგნი სააქიმოჲ 1936 – წიგნი სააქიმოჲ, ხოჯაყოფილის თარგმანი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ლ.კოტეტიშვილმა, თბილისი.
S 3721 – S 3721 – ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ხეც).