„სამღვდლო კონდაკის“ რამდენიმე ტერმინისათვის
საკვანძო სიტყვები:
სამღვდლო კონდაკი, საეკლესიო ტერმინოლოგია, კანანარხი/კანანახიანოტაცია
მეუფე იოანე გამრეკელის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, გამოსაცემად მზადდება სამღვდლო კონდაკის ახალი რედაქცია. ამის საჭიროება დიდი ხანია დგას ქართულ ეკლესიაში, რადგან დღესდღეობით ჩვენს ეკლესიაში გამოყენებულ კონდაკში თავს იჩენს მრავალი უზუსტობა (ფონოლოგიური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური, ორთოგრაფიული და პუნქტუაციური თვალსაზრისით), ასევე, კონდაკის სტრუქტურა საკმაოდ მოუხერხებელია (რაც გამოწვეულია თავის დროზე ქაღალდის, დროისა თუ რესურსის ეკონომიით). ეს ფაქტორები მღვდელმსახურებს რამდენადმე ურთულებს წირვა-ლოცვის წარმართვას. შესაბამისად, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც შედგება როგორც კონდაკის პრაქტიკულად მომხმარებლებისაგან (სასულიერო პირებისაგან), ისე ენათმეცნიერებისაგან.
რა თქმა უნდა, კონდაკი ბევრი თვალსაზრისით იმართება, თუმცა, ამ სტატიაში წარმოვადგენთ კონდაკის ტექსტში დადასტურებული ერთი საინტერესო ტერმინის საკითხს.
განვიხილავთ ეკლესიის მსახურთა აღმნიშვნელ ტერმინთაგან ერთ-ერთს, რომელიც ორი სახესხვაობით გვხვდება: კანანარხი//კანონარქი. რა თქმა უნდა, ეს ტერმინი არაა ქართული წარმოშობის, ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგვედგინა, რომელია ამ ორს შორის ნასესხობის უფრო
მართებულად გადმოტანის შემთხვევა. შევნიშნეთ, რომ თანამედროვე ტექსტებში უპირატესობა ენიჭება ფორმა კანონარქს, რაც, ჩვენი აზრით, არასწორია. მაგალითად, მხოლოდ ამ ფორმითაა ის გამოყენებული ჟურნალი „კარიბჭეს“ ტექსტებში. ასევე, წმინდანდა ზედწოდებებშიც ეს
უკანსკნელი დასტურდება (ღირსი ლეონტი მღვიმელი, კანონარქი...).
ამ სიჭრელის აღმოსაფხვრელად და მართებული ფორმის დასადგენად, ტერმინის ისტორიისა და წამომავლობის კვლევაც კი გახდა საჭირო. მოვიძიეთ აღნიშნული ტერმინი ქართული ენის ეროვნულ კორპუსსა და სხვადასხვა ლექსიკონში. აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხის
გადასაწყვეტად რჩევისათის მივმართეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას. შევეცდებით, წარმოვადგინოთ ჩვენი
მცირე კვლევის შედეგები და ჩვენი თვალსაზრისი ერთი ტერმინის განსხვავებულ ვარიანტებთან დაკავშირებით.
მოხსენებაში კონდაკზე მუშაობის ძირითად პრინციპებსა და პრობლემებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ კონდაკის ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დამუშავების მნიშვნელობას.
აქვე შევნიშნავთ, რომ ის სამუშაო, რომელიც ამჟამად კონდაკის ახალი რედაქციის შესადგენად ტარდება, უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკული დანიშნულებისაა და ვფიქრობთ, არცთუ ისე უმნიშვნელოა ქართული ეკლესიისათვის. ვიმედოვნებთ, ჩვენი მოხსენებით მცირე წვლილს შევიტანთ საეკლესიო ტერმინოლოგიის კვლევის საქმეში და თუნდაც ერთ ტერმინთან დაკავშირებული სიჭრელის აღმოფხვრას შევუწყობთ ხელს.
წყაროები
აბულაძე 1973 – ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსი-კონი, თბილისი.
გაბიძაშვილი 2007 – ენრიკო გაბიძაშვილი, საქართველოს მარ-თლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი.
კონდაკი 1899 – სამღვდლო კონდაკი, ექვთიმე ხელაძის სტამბა, ტფილისი.
ლექსიკონი 1956-1959 – რუსულ-ქართული ლექსიკონი, სამტომეული, სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, თბილისი.
ლექსიკონი 1966 – სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტომი 1, თბილისი.
ლექსიკონი 1983 – რუსულ-ქართული ლექსიკონი, ერთტომეული, თბილისი.
მახარაძე 2010 – ნელი მახარაძე, ძველი ქართული წერილობითი წყაროების მონაცემები და მათი მნიშვნელობა ბერძნული ენის ისტო-რიისათვის, კრებული „ბიზანტია ქართულ წყაროებში“, თბილისი.
ქეგლ – ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი, თბილისი.
ქეეკ – ქართული ენის ეროვნული კორპუსი.
ჩუბინაშვილი 1971 – ნიკო ჩუბინაშვილი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, ორტომეული, თბილისი.
ჩუბინაშვილი 1984 – დავით ჩუბინაშვილი, ქართულ-რუსული ლექსიკონი, ერთტომეული, თბილისი.